გიორგი მარგველაშვილი - დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველო-ბელარუსის ერთად დგომა და მხარდაჭერა
საერთო უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, საქართველო-ბელარუსის ერთად დგომა და მხარდაჭერა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან პირისპირ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბელორუსის პრეზიდენტის ვიზიტი განსაკუთრებულია იმით, რომ ხელი მოეწერება ხელშეკრულებებს, მათ შორის „საქართველო – ბელარუსის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას“, რომლებიც მომავალი ათწლეულების განმავლობაში, საქართველოს და ბელორუსის ურთიერთობებს უზრუნველყოფს.
„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვიმუშაოთ ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ და ის ურთიერთობები, რომელიც ბელარუსსა და საქართველოს შორის არის, ვფიქრობ, ბევრი სახელმწიფოსთვის სამაგალითოა.
მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა გიმასპინძლოთ მეგობრულ საქართველოში და გავაგრძელოთ და გავაღრმავოთ ის ურთიერთობები, რომელიც ჩვენს ხალხებს შორის არის. მადლობა თქვენ პირადი მეგობრობის, კარგი ურთიერთობებისა და იმ ზრუნვისთვის, რომელსაც თქვენი გადაწყვეტილებებით ქართველი ხალხისათვის და საქართველოსთვის აკეთებთ“, – მიმართა პირისპირ შეხვედრის დაწყებისას გიორგი მარგველაშვილმა ალექსანდრ ლუკაშენკოს.
როგორც პრეზიდენტებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, საქართველო-ბელარუსის ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების შესამჩნევმა პროგრესმა, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ორი ქვეყნის ურთიერთობა ახალ დონეზე აიყვანა. პროგრესი კი, დინამიურად განვითარებადი და შეუქცევადია.
გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ პირისპირ მოლაპარაკებების ფორმატში მშვიდობისა და უსაფრთხოების პრობლემატიკა განიხილეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მწვავე ვითარებაზე, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის დაუშვებლობაზე ისაუბრეს.
საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატა ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო და აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევები და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას საჭიროებს. ამასთან, საქართველო განაგრძობს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის განხორციელებას და ამ მიმართულებით, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მნიშვნელოვან მხარდაჭერას ელის.
ალექსანდრ ლუკაშენკოსთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების სისტემატიური დარღვევის ფაქტების განხილვისას, გიორგი მარგველაშვილმა არსებული ჰუმანიტარული პრობლემების შესახებაც ისაუბრა.
შეხვედრისას მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს პატივისცემა საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ფუძემდებლური პრინციპებისადმი, ასევე დაადასტურეს ერთგულება საზღვრების ურღვევობის, დავების მშვიდობიანი მოგვარების, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართველი ხალხი ბელარუსი მეგობრების გვერდით დგომას და მათ მტკიცე მხარდაჭერას ძალიან აფასებს.
„ეს ვიზიტი ჩვენი პარტნიორობის გაღრმავების კიდევ ერთი დასტურია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერი და წარმატებული გახდება ჩვენი ქვეყნებისთვის“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოში ბელარუსის დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.