გიორგი მარგველაშვილი - ჩვენი უზენაესი მიზანია, ერთიანი, მთლიანი საქართველოს შექმნა აფხაზებთან და ოსებთან ერთად
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს.
„ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ახალ 2018 წელს. გილოცავთ იმ დარბაზიდან, სადაც ასი წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა პირველი ქართული რესპუბლიკა გამოაცხადეს.
ამ ასმა წელმა დრამატულად განვლო ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ დღესაც ჩვენ დამოუკიდებლები ვართ. ვართ დამოუკიდებლები და ვიღწვით უზენაესი მიზნისთვის, თავისუფალი საქართველოს შექმნისთვის.
იმისთვის, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ, ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ ყველა გამოწვევა და გავერთიანდეთ მთავარი მიზნის მისაღწევად.
უზენაესი მიზანია ერთიანი, მთლიანი საქართველოს შექმნა აფხაზებთან და ოსებთან ერთად.
მიზნების მიღწევის მთავარი საშუალება, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერი და უფრო ეფექტიანი განათლების სისტემაა. განათლების სისტემა, რომელიც უფრო ძლიერ ახალ თაობას გაზრდის.
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად კიდევ უფრო წავახალისოთ მეწარმეები, ის ხალხი, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის დოვლათს.
მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც საუკუნეების ტრადიციას აგრძელებენ და ჩვენს ქვეყანას იცავენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, კიდევ უფრო მეტად დავეხმაროთ და გვერდში ამოვუდგეთ.
მთავარი და მნიშვნელოვანია, მივიღოთ ერთმანეთის განსხვავებულობა და ვაღიაროთ ის, რომ ჩვენი ინდივიდუალიზმი ჩვენი სიმდიდრეა.
ამ სულისკვეთებით, მე, ახალი 2018 წელი თავისუფლების წლად გამოვაცხადე.
გილოცავთ ამ წელს და მიგულეთ თქვენ თანამოაზრედ ყველა იმ ახალ გამარჯვებაში, რომელიც თავისუფლების სულისკვეთებით იქნება გაერთიანებული“, – ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის საახალწლო მიმართვაში, რომელიც ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზშია ჩაწერილი.