გიორგი მარგველაშვილი - ბოლო წლების განმავლობაში დომინანტურია, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა რუსეთთან ურთიერთობის დასტაბილურებას უჭერს მხარს
რასაც მე ვხედავ, დავუშვათ, გამოკითხვებს უკვე ბოლო წლების განმავლობაში დომინანტურია, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა რუსეთთან ურთიერთობის დასტაბილურებას უჭერს მხარს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რუსეთთან მიმართებაში ქართული საზოგადოება ორად არ არის გაყოფილი.
„ქართული საზოგადოება მზად არის რუსეთთან სასაუბროდ. მეც, ბუნებრივია, მზად ვარ და ეს ხომ არის საუბარი კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს. ეს კონკრეტული ქმედებები ვერ განხორციელდება, თუ არ იქნება მიღწეული შეთანხმება მთავარ თემაზე. რუსეთმა რატომღაც 2008 წელს გადაწყვიტა, რომ აქვს საკმარისი საბაბი, ტანკებით და ავტომატებით შეცვალოს საქართველოს რუკა. კიდევ ექვს წელიწადში გაუჩნდა საკმარისი საბაბი, რომ შეცვალოს უკრაინის რუკა. საქმე ისაა, რომ სახელმწიფო საზღვრების შეცვლა სამხედრო მექანიზმებით, არის აბსოლუტურად წინა საუკუნის ტენდენცია. ბევრი მსოფლიო ომი ამის გამო მოხდა, რადგან შენ გგონია, რომ შენ გაქვს საკმარის საბაბი და ძალა, რომ შეხვიდე საქართველში და შეცვალო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც სხვათა შორის შენ თვითონვე აღიარე, შენ თვითონვე აღიარე საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო 20 წლის წინ, მერე თქვი, რომ მე არ მომწონს ეს საზღვრები უნდა შევცვალო. ამის აბსოლუტური მიუღებლობა უნდა იყოს ჩვენში და ვფიქრობ, ქართული საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი, მზად არის, სხვა თემებზე ესაუბროს რუსეთს, უბრალოდ ამ ისტორიული აბსურდის მიღმა აქ წითელი ხაზი გადის”, – განაცხადა მარგველაშვილმა.