გიორგი მარგველაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრს შეხვდა
გიორგი მარგველაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტმა, დელეგაციასთან ერთად, პრემიერ-მინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმთან გამართული შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობების გაღრმავებას სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოსთან (GCC) და მის წევრ ქვეყნებთან, განსაკუთრებით ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება აფასებს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას და ამ კუთხით, თანამშრომლობის განვითარებას ელოდება.

მხარეებმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა განიხილეს, ასევე ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების ამოქმედებაზე ისაუბრეს, რომელიც ძალაში 8 აპრილს შევიდა და რომელიც ინვესტორებისთვის დამატებით გარანტიებს ქმნის.

„აღინიშნა, რომ რეფორმების შედეგად, საქართველოში ლიბერალური, სტაბილური, უსაფრთხო და კორუფციისგან თავისუფალი ბიზნესგარემო ჩამოყალიბდა. საქართველო თავისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამოც საინვესტიციო თვალსაზრისით ძალიან მიმზიდველი ქვეყანაა. მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის მიმზიდველობას თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების შესახებ შეთანხმებები ჩინეთთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან, ევროკავშირთან“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრისას მხარეებმა ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს სხვადასხვა საკურორტო ზონის განვითარებისთვის და სთავაზობს პოტენციურ ინვესტორებს ზაფხულისა და ზამთრის კურორტებზე ინფრასტრუქტურის განვითარებას, რათა სამედიცინო ტურიზმით, ველნესით დაინტერესება გაიზარდოს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საამიროებიდან საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესება სულ უფრო მაღალია.

„ჩვენ გვყავს ინვესტორები ერთის მხრივ, რომელებიც ახლა უკვე გეგმავენ, გააფართოონ საკუთარი  საინვესტიციო არეალი საქართველში, მაგრამ ამავდროულად, მათ ვესაუბრეთ იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომელიც საინტერესოა ინვესტიციების კუთხით. ვფიქრობთ, მიმდინარე და მომავალი წელი იქნება სრულიად ახალი ეტაპი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან – პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითის სახელმწიფოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.