გიორგი მარგველაშვილი - მე არ ვდუმვარ, ჩემი წარმომადგენლები ფაქტობრივად 24-საათიან რეჟიმში აკვირდებოდნენ აქციას
ჩემი წარმომადგენლები აქციას მისი დაწყებიდანვე ფაქტობრივად 24-საათიან რეჟიმში აკვირდებოდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას – თუ რატომ დუმდა ამ დღეების განმავლობაში პრეზიდენტი.
„პირველ რიგში, მე არ ვდუმვარ. პირველივე წუთებიდან, რაც აქცია დაიწყო, ჩემი წარმომადგენლები ფაქტობრივად 24-საათიან რეჟიმში აკვირდებოდნენ აქციას, მათ შორის რეალურად იმ ეპიცენტრში, სადაც მიმდინარეობდა აქცია თქვენ ნახეთ ადმინისტრაციის არაერთი თანამშრომელი, რომელიც იქ სწორედაც ამ მიზნით იყო მივლენილი და ძალიან ნათლად უსვამდა ხაზს იმას, რომ მთავარი მიზანია არ მოხდეს სიტუაციის გამწვავება და ესკალაცია. ეს ხდებოდა არა გუშინ, არამედ გუშინწინ დილიდან, რაც აქციები დაიწყო“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
აქციები თბილისში, პარლამენტის წინ 12 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დაიწყო. გუშინ კი რუსთაველის გამზირზე „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის პარალელურად, კონტრაქცია გაიმართა. ვითარება რუსთაველის გამზირზე რამდენჯერმე დაიძაბა. უსაფრთხოებისა და ორი აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, მობილიზებული იყო პოლიცია და შესაბამისი სპეცტექნიკა. აქცია გვიან ღამით, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრის შემდეგ დაიშალა.