გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებს ხვალ გამართავს
გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებს ხვალ გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებს უმაღლეს საბჭოში ხვალ გამართავს.

პრეზიდენტს ბათუმში 12:00 საათისთვის ელოდებიან. იგი უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ცალ-ცალკე შეხვდება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდში ერთსულოვნებაა და ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი მათ მიერ წარდგენილ კანდიდატს, თორნიკე რიჟვაძეს მხარს დაუჭერს.

„პრეზიდენტის პრეროგატივაა კანდიდატის დასახელება, თუმცა კანონი ითვალისწინებს, რომ მთავრობა მმართველმა გუნდმა უნდა დააკომპლექტოს. ჩვენი კანდიდატი ცნობილია, თორნიკე რიჟვაძეს „ქართული ოცნების“ სრული მხარდაჭერა აქვს, ამდენად პრეზიდენტისგან წინააღმდეგობას არ ველოდებით. კონსულტაციები ხვალ 12:00 საათიდან დაიწყება“, – განაცხადა პირველ არხთან უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე ოფიციალურად 6 ივლისს დაასახელა. ოპოზიციას ალტერნატიული კანდიდატის დასახელების შესახებ ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია. უცნობი რჩება, ეყოლებათ თუ არა კანდიდატი.