გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატ თორნიკეს რიჟვაძეს შეხვდა
გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატ თორნიკეს რიჟვაძეს შეხვდა

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატ თორნიკე რიჟვაძეს უკვე შეხვდა, – ამის შესახებ  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

„ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. პრეზიდენტმა მოისმინა კანდიდატის ხედვები, ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გავმართეთ შეხვედრა საინიციატივო ჯგუფთან, რომლებმაც კანდიდატად გოჩა გუგუნავა დაასახელეს. დღეს კიდევ ერთხელ შევხვდით „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს, ჯერჯერობით, კონსულტაციები გრძელდება. ამ დროისთვის, დასახელებულია ერთი კანდიდატი და ერთი შემოგვთავაზა საინიციატივო ჯგუფმა“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

რამდენად ითვალისწინებს კონსტიტუცია საინიციატივო ჯგუფის მიერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებას, აბაშიშვილი ამბობს, რომ ყველას აქვს ინიცირების უფლება, თუმცა საბოლოოდ პროცესმა უმაღლეს საბჭოში უნდა გადაინაცვლოს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით კონსულტაციები დღეს განახლდა.