გიორგი მანჯავიძე - ტურისტების მოტყუების ფაქტები ძალიან მძიმედ მოქმედებს და მათ მინიმუმამდე დასაყვანად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ
ტურისტების მოტყუების ისტორია ყველა ჯერზე აბსოლუტურად ერთი და იგივეა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ახალი კვირის“ ჟურნალისტმა, გიორგი მანჯავიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს არის სქემა – ორი გოგონა არჩევს ტურისტს, პოტენციურ მსხვერპლს, ვისაც შესაძლოა, ჰქონდეს ფული და ა.შ. გამოლაპარაკება ხდება ჩვეულებრივი მეთოდით – ან ასანთს გთხოვს, ან რამეს; მერე ეს ყველაფერი ჩვეულებრივ ლაპარაკში გადაიზრდება, მერე შენ აქტიურობ, სადმე ყავა ხომ არ დავლიოთ, ან თვითონ გთავაზობენ. ეს ყველაფერი შარდენის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება. გეუბნებიან, რომ იქ ქაოსია, ფასებიც არანორმალურია და მოდით, კარგ ადგილას, მაგრამ სადმე ცოტა მოშორებით გავიდეთო. მიყავხარ კაფეში, ბარში ან რესტორანში. შემდეგ ჩვეულებრივი ლაპარაკი მიდის, ეს გოგოები, როგორც წესი, ინგლისურად კარგად ვერ საუბრობენ და იმ დაწესებულებაში, სადაც მიდიხარ, მიმტანებმაც არ იციან უცხო ენა კარგად. ვითომ არ იციან ან იციან, მაგრამ არ საუბრობენ. ჩემ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის შემთხვევაში, გოგონებმა ჩვეულებრივი ხილის კოქტეილი შეუკვეთეს და აღმოჩნდა, რომ ეს ჩვეულებრივი ხილის კოქტეილი 150 ლარი ღირდა. მენიუში იყო კოქტეილი, რომელსაც „მასკარადი“ ერქვა და ეწერა 150 ლარი, მაგრამ სიტყვა „მასკარადი“ არსად არ ხსენებულა და არ მგონია, ჩვეულებრივი ხილის კოქტეილი ამხელა ფასი ღირდეს“, – განაცხადა გიორგი მანჯავიძემ.
მისი თქმით, პრომო გოგონებს ეგონათ, რომ ის შეძლებული ბრიტანელი ტურისტი იყო და მისი გაყვლეფა ამიტომ მოინდომეს.
ბოლოს, 450-ლარიანი ანგარიში მოიტანეს, მაგრამ ამ გოგონებმა იფიქრეს, მოდი, სჯობს, ეს კაცი შევინახოთ, სხვა რაღაცებში გავყვლიფოთო და მერე, ფასი ოდნავ დაუწიეს. შემდეგ, როგორც კი ქართულად დავილაპარაკე, ყველა გაქრა და სხვათა შორის, იმ დაწესებულების ვალი მაქვს. ერთი ლუდის ფასი არ გამომართვეს, რადგან გაიქცნენ და ვისთვის გადამეხადა, არ ვიცოდი“, – განაცხადა გიორგი მანჯავიძემ.
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ახალი კვირის“ ჟურნალისტმა ასევე განაცხადა, რომ „ახალი კვირის“ ექსპერიმენტზე საზოგადოების ნაწილის გამოხმაურებები შემაშფოთებელი იყო, მაგრამ ძალიან კარგია, რომ ასე საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი ფიქრობს და არა უმრავლესობა.
„როგორც ჩანს, რიგი მოქალაქეები ფიქრობენ, ტურისტებს ფულის მეტი რა აქვთ და რომ ჩამოდიან, დახარჯონ, აბა, როგორ უნდათო. იყო ასეთი კომენტარებიც – გავწეწოთ, აბა, რა უნდა ვქნათ, ეგრე სად არის და ა.შ. ამაზე ძალიან დამწყდა გული“, – განაცხადა გიორგი მანჯავიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მასშტაბურია საქართველოში ტურისტების საკმაოდ კარგად აწყობილი თაღლითური სქემით მოტყუების ფაქტები, გიორგი მანჯავიძემ აღნიშნა, რომ მისი აზრით, ამგვარი ფაქტები ხშირი არ არის, მაგრამ ქვეყანას ერთეული შემთხვევებიც ძალიან აზარალებს.
„არ ვფიქრობ, რომ ეს მასშტაბურია. თუმცა, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ ტურიზმი ჩვენი ქვეყნის მართლა ხერხემალია და მთელი ქვეყანა ამ ტურიზმზე ზის, თუნდაც მცირე რაოდენობის ფაქტები ძალიან მძიმედ მოქმედებს და მის მინიმუმამდე დასაყვანად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ექსპერიმენტის ჩატარების მთელი მიზანი ის იყო, რომ ფაქტები გამოგვევლინა, რეალობა დაგვენახვებინა და ამას რაღაც შედეგი მოჰყოლოდა“, – განაცხადა გიორგი მანჯავიძემ.