გიორგი მამარდაშვილი - დიდი წნეხი იქნება, მაგრამ აუცილებლად უნდა გავუძლოთ #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი - დიდი წნეხი იქნება, მაგრამ აუცილებლად უნდა გავუძლოთ #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილმა ევრო 2024-ის პლეი ოფში საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიის“ 23 წლის მეკარე გულშემატკივრებს თანადგომისკენ მოუწოდებს.

„ჩვენთვის ქართველი ხალხის მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ურთულესი თამაში გველის, დიდი წნეხი იქნება, მაგრამ აუცილებლად უნდა გავუძლოთ. მოვუწოდებ გულშემატკივრებს, რომ გვერდში დაგვიდგნენ და ერთად გავიმარჯვოთ“, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილი.

საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ჩამოსვლამდე გიორგი „ვილიარეალი“-„ვალენსიის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (სეზონში მეოთხედ) აღიარეს. ლა ლიგის 29-ე ტურის შეხვედრა „ვალენსიამ“ სტუმრად წააგო (0:1), მამარდაშვილმა ამ მატჩში პენალტი მოიგერია და თავისი გუნდი არერთხელ გადაარჩინა.

საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების ნახევარფინალური შეხვედრა 21 მარტს, 21:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ. წარმატების შემთხვევაში, „ჯვაროსნები“ 26 მარტს პლეი ოფის ფინალში, საბერძნეთისა და ყაზახეთის წყვილის გამარჯვებულს ევრო 2024-ის საგზურისთვის კვლავ თბილისში ეთამაშებიან.