გიორგი ლუკავა აცხადებს, რომ უდანაშაულოა იმ ბრალდებებში, რასაც აფხაზური მხარე ედავებოდა
სოხუმის დრანდის ციხიდან თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ლუკავა აცხადებს, რომ უდანაშაულოა იმ ბრალდებებში, რასაც აფხაზური მხარე ედავებოდა.
როგორც ლუკავამ პირველ არხთან საუბარში აღნიშნა, ის ბოლოს დრანდის ციხეში იხდიდა სასჯელს, სადაც ცუდად არ ექცეოდნენ.
კითხვაზე, ხომ არ მოხდა მისი გათავისუფლება ვინმეს სანაცვლოდ, ლუკავამ აღნიშნა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მის გათავისუფლებაში მონაწილეობა მიიღო.
ლუკავას ენგურის ხიდზე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლევან ზვიადაძე შეხვდა.
გიორგი ლუკავა 2011 წლის მაისში გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში დააკავეს და 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. აფხაზური მხარე მას ტერორიზმში ადანაშაულებდა.