გიორგი ლომია - სააკაშვილს უნდა, ის ნიშა წაგვართვას, რომელიც ხალხს მოსწონს - კონსერვატიზმი, ტრადიციები
ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარის, გიორგი ლომიას განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საკუთარი თავის პოლიტიკური რეანიმაცია აქვს მიზნად დასახული, რომ ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდეს.
ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი ლომია „პატრიოტთა ალიანსთან“ დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„მეცინებოდა, როცა სააკაშვილს ვუსმენდი, როგორი კონსერვატორია, ქვეყანაზე მზრუნავი პოლიტიკოსია და როგორ ადვილად გადააბრალა ბოკერიას ის ყველაფერი, რის გამოც პრეტენზიები წაუყენეს. თურმე, სააკაშვილი ეკლესიის ამშენებელი ყოფილა და 2005 წელს, ეკლესიაში სხვა რომელიღაც პარტიის წარმომადგენლები შევარდნენ. ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებს, როცა მისგან მორიგ ტყუილს ვისმენთ. რაც შეეხება იმას, რომ რუსეთი პრორუსულ ძალას ამზადებს და ეს ძალა “პატრიოტთა ალიანსია”, ეს არის ტყუილი და სისულელე. არგუმენტი არ არსებობს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ პრორუსული ძალაა. არსებობს იარლიყი და გასროლილი სიტყვა. რომელი ძალა არის ქართული? – გვყავს, პროდასავლური პარტიები და იარლიყმიკერებული პრორუსული პარტიები. თუ პრორუსული ძალა ვართ, როგორი უნდა იყოს ქართული ძალა? ქართული ძალა არ იქნება იმის მომხრე, რომ რუსეთთან დიალოგი აწარმოოს? პოლიტიკური ძალა ომის მომხრე უნდა იყოს, რომ მას პრორუსული არ დაერქვას? სააკაშვილს უნდა, წაგვართვას ის ნიშა, ხალხის მხარეს იდგა, ხალხს მოსწონს – კონსერვატიზმი, ტრადიციები. ამის წართმევა უნდა და შიშველი პარტიის დატოვება, რომელსაც პრორუსული ერქმევა. ამ ტრადიციების გამანადგურებელი 2004 წლიდან 2012 წლამდე ვინ იყო? – მიხეილ სააკაშვილი. მას ბოკერიაზე გადაბრალება არ გამოუვა, თავად იყო გამანადგურებელი ეკლესიების, ასევე ქართული ტრადიციების”, – განაცხადა ლომიამ.