გიორგი ლომია - „პატრიოტთა ალიანსი“ არასდროს დადგება იმ ძალის გვერდით, რომლის გასამართლებასაც ვითხოვთ
პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის გიორგი ლომიას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არ მისცემენ საშუალებას, არჩევნების გაყალბების გზით მოვიდეს ხელისუფლებაში. ამის შესახებ გიორგი ლომიამ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ლომია პარლამენტთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების აქციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ არასოდეს დადგება იმ ძალის გვერდით, რომლის გასამართლებასაც ითხოვს.
„ჩვენს ქვეყანაში არც ერთი ხელისუფლება ამ მანკიერი სისტემით არ შეცვლილა. გვატყუებენ, როცა გვეუბნებიან, რომ არაფერია ცუდი იმაში, რომ 2020 წელს ისევ იმ სისტემით მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში. რომ ისევ მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, მორიგჯერ გააყალბოს არჩევნები და უპირატესობით მოვიდეს ხელისუფლებაში. არ მივცემთ ამის უფლებას. დამთავრდა ფეოდალური წყობა ჩვენს ქვეყანაში. არავის უნდა დაგვეზაროს ქუჩაში გამოსვლა. არ აქვს მნიშვნელობა, სად დგას უფრო მეტი ხალხი. მთავარია, ჩვენ დავიცვათ ჩვენ არჩევანი, მაგრამ მთავარია ის, სად დგას სხვადასხვა პოლიტიკური ძალა. იმ ძალის გვერდით, რომლის გასამართლებასაც ვითხოვთ თქვენთან ერთად, „პატრიოტთა ალიანსი“ არასდროს დადგება. დღეს ჩვენთვის „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთი და იგივეა, რახან კოაბიტაციის რეჟიმში შესული პოლიტიკური ძალა ისეთივე „ნაცმოძრაობა“ გახდა, როგორც ის სისხლიანი რეჟიმი. სისხლიან რეჟიმს და „ქართულ ოცნებას“ ერთად ვუთხრათ უარი“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.
ქვეყანაში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 14 ნოემბერს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.