გიორგი ლომია - პანკისის ხეობაში სპეცდანიშნულების რაზმისა და დამატებითი ძალების შეყვანა საჭირო არ იყო
გიორგი ლომია - პანკისის ხეობაში სპეცდანიშნულების რაზმისა და დამატებითი ძალების შეყვანა საჭირო არ იყო

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარე გიორგი ლომია მიიჩნევს, რომ პანკისის ხეობაში სპეცდანიშნულების რაზმისა და დამატებითი ძალების შეყვანა საჭირო არ იყო.

როგორც საქართველოს პირველ არხს ლომიამ განუცხადა, პანკისი ყოველთვის რთული რეგიონი იყო და ჰესების მშენებლობის საკითხზე ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობასთან უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა ყოფილიყო.

„არასოდეს მოვიწონებ პოლიციის მისამართით არც ქვების სროლას და არც ხელკეტების დარტყმას, მაგრამ სპეცრაზმისა და დამატებითი ძალების შეყვანა საჭირო არ იყო, რადგან ამით საკუთარ ხალხს უპირისპირდები. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება ძალის დემონსტრირებამ დაღუპა და იგივე გზას ეს ხელისუფლებაც არ უნდა დაადგეს. მინისტრმა ჩასვლა და დალაპარაკება ხომ შეძლო? ჩასვლა იქამდეც შეეძლო, ვიდრე სპეცრაზმს გააგზავნიდა. ეს არის კომუნიკაციის ჩვეულებრივი მეთოდი. გუშინ, ძალის გამოყენებით გაღიზიანებული არა მხოლოდ პანკისის, არამედ ყველა რეგიონის მოსახლეობა იყო”, – განაცხადა ლომიამ.

პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის გუშინ დაპირისპირება ორჯერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომლებიც აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.

გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველია.

სოფელ ბირკიანში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.

დატოვე კომენტარი