გიორგი ლომია - გავაგრძელებთ აქციებს, მსვლელობებს და საბოლოო ჯამში დავამთავრებთ „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური ძალის არსებობას
ვითხოვთ, შეწყდეს ყოველგვარი კოჰაბიტაცია ხელისუფლებასა და დამნაშავე ელემენტებს შორის, დღეს ამ კოჰაბიტაციის შედეგად მუდმივ დაძაბულობაში და საფრთხეში ვცხოვრობთ, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, გიორგი ლომიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ლომიამ აღნიშნა, პარლამენტში კვლავ შემოიტანენ „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე რეჟიმად გამოცხადების რეზოლუციის პროექტს და იმედოვნებს, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს.
„ვითხოვთ, შეწყდეს ყოველგვარი კოჰაბიტაცია ხელისუფლებასა და დამნაშავე ელემენტებს შორის. დღეს ამ კოჰაბიტაციის შედეგად მუდმივ დაძაბულობაში და საფრთხეში ვცხოვრობთ ვინაიდან სააკაშვილი-ბოკერიას მიზანი არის რევოლუციური გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება და ჩვენ ეს კარგად ვიხილეთ ამ ბოლო თვეების განმავლობაში. საარჩევნოდ ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ, რათა ყალბი ფასეულობებით და დემოკრატიის ძახილით განახორციელონ საქართველოს როგორც ეროვნული, ტრადიციული სახელმწიფოს განადგურების გეგმა და ამ გეგმის განხორციელება ჩვენი ახალგაზრდების და სტუდენტების ხელით სურთ. უკვე შეიქმნა და კარგად ფინანსდება ათობით „კმარას“ ტიპის ორგანიზაციები, ჩემზე კარგად იცით ეს ყველაფერი თქვენ, დაფუძნდა ახალ ლიდერთა ინიციატივა, ჯამში 500-ზე მეტ სტუდენტსა და ახალგაზრდას წვრთნიან, წვრთნაში ვგულისხმობ ტრენინგების ჩატარებას და ტვინის გამორეცხვას. თამამ და გაბედულ მოქალაქეებს ზრდიან, თამამ და გაბედულ ბრჭყალებში ბუნებრივია, ამ მოქალაქეებმა თურმე პირადი ინიციატივა უნდა გამოიჩინონ და ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ, ახალგაზრდებს ეუბნებიან, რომ ხელისუფლება ხელში უნდა ჩაიგდოთ ნებისმიერი გზით. ჩვენ ყველას გვახსოვს ამათმა როგორ გამოიყენეს და შემდგომ მიატოვეს ახალგაზრდები 20-21 ივნისს. დღეს „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილ-ბოკერიები არის ყველაზე დიდი მეტასტაზი ჩვენს ქვეყანაში. ეს ჩვენი ქვეყნის განუკურნებელი სენია, მაგრამ ჩვენ, „პატრიოტები“ არ დავუშვებთ, რომ სააკაშვილ-ბოკერიებმა ჩაიგდონ ხელისუფლება ხელში. ჩვენ გავაგრძელებთ აქციებსაც, გავაგრძელებთ მსვლელობებს და საბოლოო ჯამში ჩვენ დავამთავრებთ თქვენს კოჰაბიტაციასაც და მათ, როგორც პოლიტიკური ძალის არსებობას“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.