გიორგი ლილუაშვილი - აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, ქვეყანაში უნდა მოხდეს საშუალო ფენის ჩამოყალიბება
გიორგი ლილუაშვილი - აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, ქვეყანაში უნდა მოხდეს საშუალო ფენის ჩამოყალიბება

დღეს ქვეყანაში საშუალო და მცირე ბიზნესი, ფაქტობრივად, განადგურებულია, ხდება გარკვეული დარგების მონოპოლიზება და, შესაბამისად, ეკონომიკა ვერ განვითარდება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი ლილუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „არჩევნები 2024“ სტუმრობისას განაცხადა.

„აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა. ქვეყანაში უნდა მოხდეს საშუალო ფენის ჩამოყალიბება. დაგროვებითი პენსია გროვდება და სხვა ქვეყნების ეკონომიკაში მიდის დაბანდება, ჩვენ კი ინვესტიციებს ვეძებთ სხვა ქვეყნებიდან. ეს ცოტა შეუთავსებელია. ის თანხები პირდაპირ გაიცეს იმ პენსიონერებზე. შესაბამისად, პენსიონერი პურს საზღვარგარეთ კი არ იყიდის, ამ ქვეყანაში დახარჯავს იმ ფულს და საშუალო და მცირე ბიზნესი განვითარდება, ანუ ჩვენს ეკონომიკაში მოხვდება. ხუთ მილიარდზეა საუბარი, რომელიც დააგროვეს და ეს თანხები Apple-ს და სხვადასხვა კომპანიის, სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკებში მიდის. ზუსტად ეს არის, ჩვენი ქვეყნიდან ხდება გადინება როგორც ფინანსების, ასევე იმ ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ, რაღაც შექმნან”, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, პარტია „საქართველოს“ პრიორიტეტები იქნება ისეთი საკითხების დაყენება, როგორებიცაა სახელმწიფოს მიერ დემოგრაფიული კუთხით ხელშეწყობა, ე.წ. კოვიდით 17 000 ადამიანის დაღუპვის გამოძიება და დამნაშავეების დასჯა, საბჭოთა ანაბრების და საპენსიო ფონდის საკითხის დაყენება, რომელზეც აღარავინ საუბრობს, კერძო ბანკების გადასვლა მოსახლეობის კონტროლზე და არა მომსახურებაზე და ა.შ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვისთან ითნამშრომლებს და ვისთან თანამშრომლობას გამორიცხავს პარტია „საქართველო“ კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების პირობებში, თუ ასეთი რეალობა დადგა და მისმა პარტიამ მანდატები მიიღო, გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა, რომ როდესაც საუბარია კოალიციურ მთავრობაზე, იქ პიროვნებებია და ეს იმის მიხედვით განისაზღვრება, ვინ იქნება წარმოდგენილი მთავრობაში.

„ვითანამშრომლებთ იმ ჯგუფთან, რომელიც იქნება ეროვნულად განწყობილი და დაფუძნებული იქნება ეროვნულ ღირებულებებზე. დღესდღეობით ჩვენ ასეთ ძალას ვერ ვხედავთ. დღესდღეობით მიმდინარეობს ქვეყნის ეროვნული ღირებულებების დაკარგვა“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

გიორგი ლილუაშვილმა ამომრჩეველს მიმართა, აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე და მხარი დაუჭირონ პარტია „საქართველოს“, რათა ეს ყველაფერი შეიცვალოს.

„თქვენ ცვლით ყველაფერს. მოსახლეობაზეა ბევრი რამ დამოკიდებული და ჩვენი მთავარი ლოზუნგი არის – ძალაუფლება ქართველ ხალხს! თუ ქართველმა ხალხმა ხელში არ ჩაიგდო და არ დაიბრუნა ძალაუფლება, ჩვენ არაფერი გვეშველება და, შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში ისევ და ისევ ის პროცესები მოხდება და ცოტა ხანში ისევ რომელიღაც კავშირში ამოვყოფთ თავს, სადაც არაფრის უფლება არ გვექნება, ჩვენი ეროვნული ინტერესები ისევ და ისევ იქნება გაცამტვერებული და მოხდება სახელმწიფოებრიობის დაკარგვა. მოვუწოდებ ქართველ ხალხს, „საქართველოს“ დაუჭირონ მხარი, 17 ნომერი შემოხაზონ იმისთვის, რომ შევებრძოლოთ, მოგვეცეს ბრძოლის საშუალება საკანონმდებლო დონეზე და დავამარცხოთ ის მომხდურები, რომლებიც ქვეყანას ანგრევენ. ჩვენ ეს შევძელით კოვიდის დროს, როდესაც შევაჩერეთ ჯანმო-ს მოქმედებები და დღესაც ყველა კარგად ხედავს იმას, რომ ჯანმო თავიდან ცდილობს რეგისტრაციის გავლას“, – განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.