გიორგი ლილუაშვილი - ამომრჩეველს ვაძლევ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დაპირებას
გიორგი ლილუაშვილი - ამომრჩეველს ვაძლევ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დაპირებას

ამომრჩეველს ვაძლევ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დაპირებას, – ამის შესახებ მთაწმინდის ოლქში პარტია „საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ლილუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს პარლამენტი დასათხოვია და არ არის დასატოვებელი. მათ საუკეთესო პროგრამაც რომ წარვუდგინოთ, მაინც არ განახორციელებენ. წარდგენილიც გვაქვს, მიცემული გვაქვს სხვადასხვა პროექტები, მაგრამ არ ხორციელდება.გასაშვებია ეს პარლამენტი და კანონიერმა, ლეგიტიმურმა მთავრობამ უნდა დანიშნოს ახალი არჩევნები; ცესკო-ც უნდა გადახალისდეს და იმ ხალხით არ უნდა დაკომპლექტდეს, რომელიც დღეს იქ იმყოფება. ამის გაკეთება ერთ კვირაში შეიძლება და ამას ერთი და ორი წელი არ სჭირდება“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა მოახერხოს ერთმა მაჟორიტარმა დეპუტატმა თექვსმეტთვიანი მანდატის პირობებში პარლამენტის დათხოვნა, გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა, რომ ერთ მაჟორიტარს ეს მარტივად შეუძლია, რადგან მას მთელი მთაწმინდის ამომრჩეველი ჰყავს გვერდით.

„მთაწმინდის ამომრჩევლებით გავუშვებ მე პარლამენტს. ამ მანდატით ვუშვებ. მთელი საქართველო ჩამოვა მთაწმინდაზე. ყველა აქცია მთაწმინდაზე ტარდებოდა. მნიშვნელოვანია, ეს მოხდეს კანონიერი გზით და მოხდეს მათი გაშვება“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ბოლო ჟამი დადგა და ეს ორივე პოლიტიკური ორგანიზაცია გასაშვებია.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა არის პირველი რიგის ამოცანა, რომლის შესრულებასაც გამარჯვების შემთხვევაში შეუდგება, გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა, რომ მთაწმინდელებისთვის აუცილებელია მთელი მთაწმინდის რაიონისა და ძველი თბილისის ისტორიულ ძეგლად გამოცხადება.

„იქ ინვესტორის შემოსვლა ფაქტობრივად, მთელი ამ ინფრასტრუქტურის და ისტორიული ძეგლების განადგურებას ნიშნავს. როცა ინვესტორი შემოდის, ის მოგებაზე ფიქრობს და მისთვის ის ძველი შენობები არანაირ ისტორიულ სიმდიდრეს არ წარმოადგენს. ამ შენობებს სტატუსი უნდა მიენიჭოს, თანხა კი სახელმწიფოს ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს და არა ინვესტორი მოიყვანო იქ და არაბებით გაავსო მთელი მთაწმინდა“, – განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.