გიორგი კვირიკაშვილმა და შეიხმა ალ ნაჰაიანმა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების საელჩოს გახსნის შესაძლებლობა განიხილეს
არაბთა გაერთიანებული საემიროების სახელმწიფო მინისტრი ტოლერანტობის საკითხებში, შეიხი ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანი საქართველოში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობას აორმაგებს, – ამის შესახებ შეიხმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
საუბარია საქართველოში კონკრეტული, მსხვილი პროექტების განხორციელებაზე. არაბთა გაერთიანებული საემიროების სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებით დადებითად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობა, მთავრობის მიერ აღებული კურსი და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს განვითარებას და წინსვლას ემსახურება.
შეიხმა აღნიშნა, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა მიმზიდველი საინვესტიციო გარემოთი, სადაც ძალიან გამარტივებულია ბიზნესის წარმოების მექანიზმები, არ არსებობს კორუფცია და სწორედ ეს არის მისი მხრიდან ინვესტიციების მოცულობის გაორმაგების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი.
პრემიერ-მინისტრმა სტუმარს დეტალურად გააცნო საქართველოს მოწინავე პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში, რაც შეიხმა დადებითად შეაფასა.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების საელჩოს გახსნის შესაძლებლობა.
შეიხმა აღნიშნა, რომ თბილისში დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნას დიდი მნიშვნელობა ენიჭება და გამოთქვა მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი აღნიშნული იდეის განხორციელებას.