გიორგი კვირიკაშვილი - შვედეთი არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე
შვედეთი არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზასა და ევროპულ მისწრაფებებში – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრთან, პიტერ ჰულტქვისტთან შეხვედრისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს შვედეთის სამეფოს მხარდაჭერას ჩრდილოატლანტიკურ ალიანში ინტეგრაციის გზაზე.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პიტერ ჰულტქვისტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენის გამო შეშფოთება გამოთქვა და ქართველ ხალხს მიუსამძიმრა.
მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს, ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, ასევე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. შვედი მინისტრის თქმით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, რეგიონში არსებული მდგომარეობა საერთაშორისო თანამეგობრობისა და ევროკაშვირის წევრი ქვეყნების მიერ საერთო გამოწვევად უნდა იქნას განხილული.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ საქართველოს სურს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება და ამ კონტექსტში, მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.
შეხვედრის მიმდინარეობისას, გიორგი კვირიკაშვილმა პიტერ ჰულტქვისტს საქართველოში, თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა შვედეთის მხარის მონაწილეობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. საუბარი შეეხო ნატო – საქართველოს წვრთნებში შვედეთის მონაწილეობის საკითხს.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, შვედეთის სამეფოსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ურთიერთობები მაღალ დონეზეა და ამ დინამიკის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე ესწრებოდნენ.