გიორგი კვირიკაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა 
გიორგი კვირიკაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერს მაია გოიკოვიჩს უმასპინძლა, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებაზე, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით არსებული პოტენციალის ათვისების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ხელს შეუწყობს ერთობლივი ბიზნესფორუმი, რომლის გამართვა თბილისში მიმდინარე წლის გაზაფხულზე იგეგმება.

პრემიერ-მინისტრმა სერბეთის რესპუბლიკას ჩვეულებრივი პასპორტებით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებული პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა. მივესალმებით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებას. ჩვენს ქვეყნებს ბევრი აქვთ საერთო. ასე რომ, სრულიად ბუნებრივია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირები მტკიცდება. მადლობას მოგახსენებთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების – ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე. ასევე მადლობას მოგახსენებთ თქვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის, ჩვეულებრივი პასპორტით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით.ჩვენი ველით სერბეთის ბიზნესმენთა დელეგაციის ჩამოსვლას წელს თბილისის ბიზნესფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ არ გვაქვს ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობები. ასე რომ, ეს იქნება კარგი შესაძლებლობა ჩვენი ორმხრივი ვაჭრობისთვის და საინვესტიციო ურთიერთობებისთვის ბიძგის მისაცემად”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა. მაია გოიკოვიჩმა აღნიშნა, რომ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და თანამშრომლობის გააქტიურება.

„ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს მოქალაქეებს, და სწორედ ჩვენი მოქალაქეების ნებაა, რომ ჩვენ დამაყაროთ კიდევ უფრო ახლო ურთიერთობები.ეს ვიზიტი უნდა განვიხილოთ, როგორც მხოლოდ დასაწყისი, რომელიც ბიძგს მისცემს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას როგორც საპარლამენტო, ისე, ზოგადად, პოლიტიკურ დონეზე”, – აღნიშნა მაია გოიკოვიჩმა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას და ორი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს პარლამენტთაშორისი კავშირების განვითარების დინამიკას, რასაც ხელს უწყობს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებში მოქმედი მეგობრობის ჯგუფების საქმიანობა.