გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს საბოლოო მიზანია ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა, ვიწყებთ ახალი დღის წესრიგით მოქმედებას
საქართველოს საბოლოო მიზანია ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა, და სწორედ ამიტომ ჩვენ ვიწყებთ ახალი დღის წესრიგით მოქმედებას, რომელსაც ჰქვია საგზაო რუკა ევროკავშირისკენ, რომელიც გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ასოცირების ხელშეკრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ცენტრალური პრიორიტეტი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
“ბევრჯერ განვაცხადეთ, რომ ჩვენი გუნდის ცენტრალური პრიორიტეტი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ვექტორიდან გამომდინარეობს იმ რეფორმების მთავარი წამყვანი ხაზი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს და რა თქმა უნდა, ეს ვექტორი განსაზღვრავს ჩვენი შიდა რეფორმების უდიდეს ნაწილს. 2017 წელს მთავარი მიღწევა ამ მიმართულებით იყო უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან, რაც მთელი გუნდის ძალიან დიდი წარმატება იყო. ეს რა თქმა უნდა, არ იყო მხოლოდ თავისუფალი მიმოსვლა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჟესტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ ნდობის გამოხატვა, ჩვენ გვაქვს შორს მიმავალი მიზნები”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს საბოლოო მიზანია, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა.
“საქართველოს საბოლოო მიზანია, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა, და სწორედ ამიტომ ჩვენ ვიწყებთ ახალი დღის წესრიგით მოქმედებას, რომელსაც ჰქვია საგზაო რუკა ევროკავშირისკენ, რომელიც გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ასოცირების ხელშეკრულება. ჩვენ დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებით განვახორციელებთ ჩვენს პროგრამას. ამავე დროს ნატო-ში ინტეგრაცია, აშშ-თან თანამშრომლობა რჩება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად, და რა თქმა უნდა, ორივე მიმართულებით პარალელურად ეს ურთიერთობა გაღრმავდება. ამ მიმართულებითაც ჩვენ ბევრი წარმატება გვაქვს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.