წელს ევროპულ პროექტს 60 წელი შეუსრულდა. ამ უპრეცედენტო იდეის წარმატებამ მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა მოუტანა ევროპის კონტინენტს, ხოლო მეზობელ სახელმწიფოებს ამ საერთო ძალისხმევაში მონაწილეობის სურვილი გაუჩინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაზე – “ევროკავშირი და პარტნიორები – მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის” სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღევანდელი შეკრება გამორჩეულია იმით, რომ ერთ სამუშაო სივრცეში აერთიანებს ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებს, ევროპარლამენტის წარმომადგენლებს და ასევე, ცნობილ ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
მისივე თქმით, მრავალფეროვნება გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის, ასევე პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობის უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ საერთო გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დღეს ევროკავშირი და მისი სამეზობლო დგას.
“ევროგაერთიანების ფუძემდებლური პრინციპები დღეს ისე აქტუალურია, როგორც არასოდეს, განსაკუთრებით კი ჩვენთვის – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ევროკავშირის ერთიანობა და სიმტკიცე ისევე გვაღელვებს, როგორც თავად გაერთიანების წევრებს. ყველა ჩვენგანის მიზანია, ერთობლივი ძალისხმევით შევინარჩუნოთ ერთიანი, ძლიერი ევროპა, რომელიც, სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში, მზად იქნება, კარი გაუღოს საქართველოს და სხვა ევროპულ სახელმწიფოებს. ევროკავშირის ტრანსფორმაციის ძალა და ღირებულებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა იქცა საქართველოს რეფორმებისა და მოდერნიზაციის ქვაკუთხედად, ჩვენი შიდა და საგარეო პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად, რომლის მიზანია დემოკრატიული, განვითარებული ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა. საქართველო საფუძვლიანად მიიჩნევს თავს ევროპული ინტეგრაციის პროექტის წარმატების ერთ-ერთ მაგალითად. დარწმუნებული ვარ, ამ გზაზე მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე დღეს და ხვალ ამ დარბაზში უფრო დეტალური დისკუსია გაიმართება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ევროპული ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესია თანამშრომლობის როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ფორმატები.
“ცოტა ხნის წინ ბრიუსელში გაიმართა აღმოსავლეთის პარტნიორობის მეხუთე სამიტი, სადაც ერთხმად აღინიშნა საქართველოს წარმატებული რეფორმებისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის შესახებ და დაფიქსირდა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისადმი. გარდა ამისა, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სხვა წევრებთან ერთად, 2020 წლისათვის ევროკავშირთან დაახლოების 20 ახალი მიზანი დავისახეთ, რაც სრულ თანხვედრაშია ჩვენი მთავრობის ყოვლისმომცველი რეფორმების გეგმასთან. საქართველო აფასებს პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების ახალ შესაძლებლობებს და შევეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ისინი, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები; დავხვეწოთ მმართველობა; ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციით, უზრუნველვყოთ ცხოვრების უკეთესი სტანდარტების დამკვიდრება ჩვენი მოქალაქეებისათვის; გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა და ხელი შევუწყოთ ხალხთა შორის კონტაქტების გააქტიურებას”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის წარმატებით იმპლემენტაცია და ევროკავშირთან შემდგომი დაახლოება საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.
“ამ დროის განმავლობაში ჩვენ შევძელით კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიული, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების კიდევ უფრო განმტკიცება და მზად ვართ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ ევროპული სტანდარტების დასამკვიდრებლად. ამავე დროს, საქართველოს, ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით, საკუთარი წვლილი შეაქვს მშვიდობიანი მსოფლიოს მშენებლობაში. ამ ფონზე, აღსანიშნავია უსაფრთხოების საერთო გამოწვევები ევროკავშირის სამეზობლოში, რომლებთან გამკლავებაც მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი. მოგეხსენებათ, კვლავ მძიმეა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და ამავდროულად, მასობრივად ირღვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების უფლებები”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველოსაც აქტიურად უწევს თანამედროვე მსოფლიოს ისეთ გამოწვევებთან ბრძოლა, როგორიც არის ჰიბრიდული საფრთხეები და პროპაგანდა.
“ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაცია და მეტი ჩართულობა შეიძლება დავუპირისპიროთ. მოხარული ვარ, რომ ამ დარბაზში ასეთ წარმომადგენლობით საპარლამენტო აუდიტორიას ვხედავ. მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო რეფორმით, 2024 წლიდან საქართველო სრულად გადადის საპარლამენტო მოდელზე, რომლის მიხედვითაც პარლამენტი პროპორციული სისტემით აირჩევა. აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის მჭიდრო თანამშრომლობას კი უდიდესი როლი ენიჭება რეფორმების განხორციელებისა და ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესის წარმატებაში. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების საპარლამენტო შტოს გაძლიერება კიდევ უფრო დააჩქარებს ამ პროცესს. პარლამენტი დისკუსიებისა და ურთიერთსაპირისპირო აზრის შეჯერების საუკეთესო ასპარეზია. იმედი მაქვს, დღევანდელი კონფერენცია მოგცემთ საშუალებას, აქტიურად გაუზიაროთ ერთმანეთს ევროინტეგრაციის გზაზე არსებული გამოცდილება, რჩევები და რეკომენდაციები, რომლებიც რეფორმების დაჩქარებასა და საერთო მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება. მიმდინარე პრობლემების ფონზე, ხშირად გვავიწყდება ევროკავშირის პროექტის უნიკალურობა. ყველაფრის მიუხედავად, ის კვლავაც რჩება რეგიონული ინტეგრაციისა და ერთა შორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითად”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საგარეო თუ საშინაო გამოწვევების მიუხედავად, საქართველო მტკიცედ დგას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.
“იმედი მაქვს, ამგვარი დისკუსიებითა და აზრთა გაზიარებით, სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოების ჩართულობით, ასევე სამოქალაქო სექტორის აქტიური მონაწილეობით, მივაღწევთ საერთო მიზანს და ერთად შევქმნით უფრო ძლიერ, ერთიან და მშვიდობიან ევროპას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.