გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას ხელისუფლების დელეგიტიმაციისა და პოლარიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას უწოდებს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ეს იყო პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება.
„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი – არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისა და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება; კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ; ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა“, – წერს გიორგი კვირიკაშვილი „ფეისბუქზე“.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.