საერთაშორისო სავალუტო ფონდი მთლიანად იზიარებს და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) პროგრამის წარმატებით დასრულებას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.
„მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვა წარმატებით დასრულდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია გახლდათ საქართველოში და მინდა აღვნიშნო, რომ ვიზიტის შედეგად ფონდი მთლიანად იზიარებს და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას“, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა მისიის ყველა თანამშრომელს, ხელმძღვანელს და ფონდის ადგილობრივ წარმომადგენლობას მადლობა გადაუხადა და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„მინდა, მადლობა გადავუხადო მისიის ყველა თანამშრომელს მხარდაჭერისთვის, ადგილობრივ წარმომადგენლობას და მისიის ხელმძღვანელს, ქალბატონ მერსედეს ვერა მარტინს, რომლის დახმარებაც ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იყო უმნიშვნელოვანესი – ფისკალური მაჩვენებლების გაჯანსაღების, ქვეყნის სუვერენული ბალანსის გაჯანსაღების და საგადასახდელო ბალანსის გაჯანსაღების კუთხით, რაც სახეზეა და ეს, რა თქმა უნდა, არის წარმატებული რეფორმების განხორციელების შედეგი“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის პროგრამა, სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან პროგრამას.
„თანამშრომლობის პროგრამა, რომელი ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან პროგრამას და ფონდის მიერ ძალიან დადებითად იქნა შეფასებული პროგრამის მიმდინარეობა. დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც 2017 წელს გვქონდა, 2018 წლის დასაწყისი ასევე არის ძალიან კარგი. მოგეხსენებათ, 2017 წელი დავხურეთ 5%-იანი ზრდით, 2018 წლის დასაწყისში, ორი თვის ჯამით, გვქონდა 4.9%, თუმცა თებერვლის დინამიკა უფრო უკეთესი იყო, ვიდრე იანვრის და ზრდა გახლდათ 5.5%“, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კერძო სექტორში 2017 წელს ბრუნვები 19%-ით გაიზარდა და 40 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დინამიკაში კერძო სექტორს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი. მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, რომელიც მუდმივად პრობლემა გახლდათ – 2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია და მთლიანი შიდა პროდუქტის 8.7% შეადგინა, რაც ძალიან სერიოზული გაჯანსაღების შედეგია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით 2017 წელს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – მილიარდ 862 მლნ. აშშ დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 16.2%-იანი ზრდაა.
„რეინვესტირებამ, მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, 712 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. რეინვესტიციები, ეს ნიშნავს, რომ ის თანხა, რომელიც კომპანიას შეეძლო გაეტანა ქვეყნიდან და დიდწილად, ასე ხდებოდა, მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად დარჩა ქვეყანაში, რეინვესტირდა ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში და ეს გახლავთ 130%-იანი ზრდა, 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საქონლის ექსპორტი 2018 წლის პირველ სამ თვეში 28%-ით გაიზარდა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები – ასევე, 28%-ით. ფულადი გზავნილები 20%-ით გაიზარდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი შეფასებით, სტაბილური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და პოზიტიური დინამიკა აისახა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ საქართველოს შეფასებაში. კერძოდ, სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა, რომელიც სამ უმსხვილეს სარეიტინგო კომპანიას შორისაა, გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე. ხოლო „Fitch“-მა, რომელიც ასევე ერთ-ერთია აღნიშნულ სამ კომპანიას შორის, გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მომავლის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით.
„ყოველივე ეს მტკიცე საფუძველს იძლევა, რომ ქვეყნის ეკონომიკური პროგრესი და ხელისუფლების მიერ აღებული კურსი, არის სწორი და განსაზღვრულია იმისთვის, რომ თითოეულ ოჯახზე აისახოს ეს კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ რეფორმირების პროცესი და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენი მოსახლეობის ყველა ფენამ იგრძნოს საკუთარ შემოსავლებზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით, მადლობა გადაუხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო მთავრობის ეკონომიკურ გუნდს თანამშრომლობისთვის, დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია გახლავთ ის, რომ კოორდინაცია ეკონომიკურ გუნდში არის ძალიან კარგი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც ჩვენგან მიდის პარლამეტში, ასევე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები სრულფასოვნად მუშაობდეს. ვფიქრობ, ეს წარმატება გამოხატულებაა ამ ძალიან კარგი კოორდინაციის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.