გიორგი კვირიკაშვილი - საბოლოო მიზანია, რომ საქართველოში ჩავატაროთ ზამთრის სპორტული ოლიმპიადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან თომას ბახთან საინტერესო შეხვედრა შედგა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობებისა და სამთო კურორტების განვითარების პერსპექტივა.
“ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან თომას ბახთან. განვიხილეთ ზამთრის სპორტის სახეობებისა და სამთო კურორტების განვითარების პერსპექტივა საქართველოში. გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოვა საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი, რომელიც ჩვენთან ერთად განიხილავს განვითარების პერსპექტივებს. საბოლოო მიზანია, რომ საქართველოში ჩავატაროთ ზამთრის სპორტული ოლიმპიადა.
ამისთვის გვჭირდება სტრატეგია, განვითარების გეგმა და ამ გეგმის შესაქმნელად ჩამოვა სწორედ ეს ჯგუფი საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო საქმეს დავუდეთ სათავე. დიდი იმედი გვაქვს, რომ ექსპერტების ჯგუფთან ერთად გავაკეთებთ ძალიან ამბიციურ გეგმას და უკვე გვექნება სამოქმედო გეგმა ყოველწლიური ქმედებისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახს შვეიცარიის კონფედერაციაში, ქალაქ ლოზანაში დღეს შეხვდა. როგორც თომას ბახმა შეხვედრაზე აღნიშნა, ის შთამბეჭდავად აფასებს პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბოლო პერიოდში სპორტის განვითარების კუთხით მიაღწია.
დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საქართველოში ექსპერტებისა და მრჩევლების სპეციალურ ჯგუფს გამოაგზავნის, რომელიც მთის კურორტების განვითარების მდგომარეობას და სამომავლო პერსპექტივებს შეისწავლის.