გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი აღარ არის. 15-წევრიანი პოლიტსაბჭოდან პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაცია 14 წევრზე დევს, გიორგი კვირიკაშვილი კი სიაში აღარ არის.
პოლიტსაბჭოს წევრი თამარ ჩუგოშვილი განმარტავს, რომ გიორგი კვირიკაშვილის ადგილს პოლიტსაბჭოში ახალი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაიკავებს.
როგორც პარტიაში განმარტავენ, გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომის შედეგ, “ქართული ოცნების“ სამდივნოს პარტიისა და პოლიტსაბჭოს დატოვების შესახებ მიმართა.
15-კაციანი პოლიტსაბჭო „ქართული ოცნების“ 11 მაისის ყრილობაზე დაამტკიცეს.
ამ დროისთვის პოლიტსაბჭოს წევრები არიან – “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე; ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი; ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე; საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე; ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე; პარლამენტის წევრი დიმიტრი სამხარაძე; პარლამენტის წევრი ბიძინა გეგიძე; პარლამენტის წევრი ირაკლი ტრიპოლსკი, მაია ცქიტიშვილი, სოზარ სუბარი, საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე დავით საგანელიძე.