გიორგი კვირიკაშვილი - პირადად ვარ გარანტი, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება
პირადად ვარ იმის გარანტი, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერი გამოეხმაურა თბილისში, ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს.
„გუშინ დილიდან ჩვენს გუნდში მიმდინარეობდა იმ საკითხების აქტიური განხილვა, რაზეც ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები დღეს და გუშინ, ქუჩაში, ამ შენობიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით ასე ემოციურად საუბრობენ.
გუშინ საღამოსვე კახა კალაძემ ჩვენი გუნდის სახელით გააკეთა განცხადება, სადაც მკაფიოდ იქნა გამოხატული ჩვენი პოზიცია დღევანდელ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით და მოუწოდა ყველას, ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს საზოგადოებას გაერთიანებისკენ. იმ უმძიმეს დანაშაულთან ბრძოლაში, რასაც ნარკოტიკების რეალიზაცია ჰქვია და რასაც ბოლო პერიოდში არაერთი ადამიანის, ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. ის, რომ სახელმწიფოს, ერთი მხრივ, ექნება მკაცრი პოზიცია ნარკორეალიზატორების მიმართ და იქნება გაცილებით უფრო ჰუმანური მომხმარებლების მიმართ, არა ერთხელ მაქვს ნათქვამი და კიდევ ერთხელ ვადასტურებ.
მინდა, კიდევ ერთხელ მოგმართოთ, ჩემო შვილებო, ჩემო მეგობრებო, ჩვენო ძვირფასო ახალგაზრდებო, თქვენ ხართ მომავალ თაობა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. მე პირადად ვარ იმის გარანტი, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება.
სწორედ ეს არის ერთ-ერთი იმ უდიდეს მონაპოვართაგანი, რომლითაც ჩვენი ხელისუფლება, თითოეული ჩვენგანი სრულიად სამართლიანად ამაყობს და რა თქმა უნდა, ეს უპირველეს ყოვლისა, თქვენი მონაპოვარიც არის, ყველა თქვენგანის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, ის, რომ ადამიანი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა მთავრობის პრიორიტეტია, გასული საათების მანძილზე დადასტურდა.
„პოლიცია, სამართალდამცავი უწყებები აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თქვენ შეუზღუდავად შეძლოთ თქვენი აზრის გამოხატვა. ამ ფონზე, როდესაც სახელმწიფო მოწოდებულია და ძალისხმევას არ იშურებს ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი უფლებების დასაცავად, კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა.
მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად გააძლიერონ უსაფრთხოების ღონისძიებები ნებისმიერი შესაძლო დაპირისპირების პრევენციის მიზნით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა მხარეს, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი, თუმცა აზრის გამოხატვისას დაპირისპირება არის ყოვლად დაუშვებელი, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ.
კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, შევინარჩუნოთ ერთიანობა ერთი საერთო მიზნის გარშემო. იმ მიზნისა, რომელსაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, ჩვენს ახალგაზრდებზე, მომავალ თაობაზე ზრუნვა და მათი სიცოცხლის დაცვა. ნუ დაუშვებთ სიძულვილს განსხვავებული მოსაზრებების გამო. გავერთიანდეთ ადამიანების სიცოცხლისა და ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.