გიორგი კვირიკაშვილი - ირაკლი კობახიძის აშშ-ში ვიზიტისას საქართველოს განვითარების დღის წესრიგისადმი მხარდაჭერა დადასტურდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის აშშ-ში ვიზიტი წარმატებული და მნიშვნელოვანი იყო. ამის შესახებ პრემიერმა დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„პარლამენტის სპიკერი შეხვდა პოლ რაიანს, წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ასევე, არაერთ კონგრესმენს, სენატორს. მას ჰქონდა ძალიან საინტერესო გამოსვლა ჯონს ჰოკინსის უნივერსიტეტში“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ის მყარი მხარდაჭერა საქართველოს განვითარების დღის წესრიგისადმი, ასევე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
„ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა შეხვედრაზე იყო საუბარი იმ პოზიტიურ რეფორმებსა და ძვრებზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა მეგობრებმა, როგორც უმნიშვნელოვანესმა მონაწილეებმა ამ პროგრესის, იცოდნენ და ადასტურებდნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმების წარმატებას“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში დიდი როლი ეკისრება საპარლამენტო განზომილებას.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით 5-9 თებერვალს იმყოფებოდა.