საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს შეხვდა.
მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გააქტიურებაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალზე. აღინიშნა ჰოლანდიელი ინვესტორებისა და ტურისტების მზარდი ინტერესი საქართველოსადმი.
პრემიერ-მინისტრებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. ამ კონტექსტში აღინიშნა ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაცია, ასევე – შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლა.
გიორგი კვირიკაშვილმა ნიდერლანდების სამეფოს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრისას, ასევე, საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.
ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა დაადასტურა.