გიორგი კვირიკაშვილი - ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ 2025 წლამდე საქართველოში ტურისტების რაოდენობა გავასამმაგოთ
გიორგი კვირიკაშვილი - ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ 2025 წლამდე საქართველოში ტურისტების რაოდენობა გავასამმაგოთ

ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია, გასული წლის განმავლობაში საქართველოში ტურისტების რიცხვი 28 %-ით გაიზარდა და არსებობს პოტენციალი, რომ 2025 წლამდე არსებული მონაცემები გასამმაგდეს, რაც ქვეყნის კეთილდღეობაზე აისახება, გაუმჯობესდება ცხოვრების დონე და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კახეთში, „ახაშენი ღვინის კურორტის“ გახსნაზე განაცხადა.

„მევენახეობის მიმართულებითაც კომპანია „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“ ახორციელებს უზარმაზარ ინვესტიციებს და მინდა, ბატონ ზურაბ ჩხაიძეს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა იმ მამულიშვილური საქმისთვის, რომელსაც ის აკეთებს არა მარტო აქ, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. ძალიან სასიხარულოა, რომ კახეთში ტურიზმი გადადის თვისობრივად ახალ განზომილებაში. მოთხოვნა ასეთი ტიპის სასტუმრო კომპლექსებზე ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება, გასული წლის განმავლობაში 28%-ით გაიზარდა ტურისტების რიცხვი. ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ 2025 წლამდე გავასამმაგოთ ტურისტების რაოდენობა საქართველოში.

მხედველობაში მყავს ტურისტები, რომლებიც ტურიზმის მიზნით ჩამოდიან და შეგვიძლია ასეთი რიცხვი 10 მილიონამდე გავზარდოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მართლაც და სრულიად სხვა ცხოვრების დონე მივიღოთ საქართველოში, მნიშვნელოვნად გაიზარდოს დასაქმების დონე და ქვეყნის ვიზუალური სახეც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს,“-აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა უშუალოდ კახეთის რეგიონის სამომავლო განვითარებაზე.

„მნიშვნელოვანია, რომ კახეთში ხორციელდება ძალიან მსხვილი ინვესტიციები. ჩვენ უკვე შევთანხმდით კერძო ინვესტორებთან ერთად, რომ აქ დაფუძნდება სპეციალური პროგრამები. ცოტა ხნის წინ ვახსენეთ, რომ, როგორც შვეიცარიაშია „ვერბიეს ფესტივალი“, წინანდლის ბაზაზე ვაპირებთ, რომ ზუსტად ასეთი სასწავლო, სამუსიკო, კონკრეტულად კლასიკური მუსიკის მიმართულებით რეგიონული მასშტაბის პროგრამა დავაფუძნოთ, სადაც მომზადდებიან ახალგაზრდები. ეს იქნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა მეზობელი ქვეყნის ჩართულობით, ყოველწლიური,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თუშეთი და კახეთი ცალ-ცალკე არ უნდა იქნას განხილული და ყურადღება ახალი გზის მნიშვნელობაზე გაამახვილა, რომელიც თბილისიდან თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზის ხანგრძლივობას სამჯერ შეამცირებს.