გიორგი კვირიკაშვილი მზად არის, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების გარეშე, შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს, მათი სურვილის შემთხვევაში, სახალხო დამცველთან ერთადაც
პრემიერ-მინისტრი მზად არის, მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მონაწილეობის გარეშე, პირადად შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე განცხადებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირველსავე დღეს მივიდა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, რის შემდეგაც განაცხადა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც ხელისუფლება საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად გადადგამდა.
„ამასთან, 1 ივნისს, მთავრობის მეთაური, შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად, შეხვდა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, რომლისგანაც მოისმინა დამატებითი ინფორმაცია ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე არსებულ კითხვებთან დაკავშირებით.
გუშინ კი, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერმა დეტალურად ისაუბრა ხელისუფლების მიერ დაწყებული პროცესის შესახებ. ამ ეტაპზე აუცილებელია არსებული ინსტიტუციური ფორმატების მაქსიმალურად გამოყენება და მათი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრი მზად არის, მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მონაწილეობის გარეშე, პირადად შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს; მათი სურვილის შემთხვევაში – სახალხო დამცველთან ერთადაც. მედიას კი, მიეცემა შესაძლებლობა, შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩაწეროს აღნიშნული შეხვედრის მონაწილეთა კომენტარები”, – აცხადებენ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში.
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ გუშინ პარლამენტის შენობის წინ აქციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავს.