გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის წევრებს მოუწოდებს, საქველმოქმედო მარათონში ჩაერთონ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის წევრებს მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღონ საქველმოქმედო მარათონში Wings for Life, რომელიც 6 მაისს გაიმართება.
როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს პირადი მაგალითი მისცენ.
„6 მაისს იმართება მსოფლიო მარათონი. ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება არის უმნიშვნელოვანესი. მსოფლიო მარათონი, რომელსაც ჰქვია wings for life, ანუ ფრთები სიცოცხლისთვის, 200-ზე მეტ ლოკაციაზე ტარდება. საქართველოში ამჯერად ჩატარდება კახეთში. ასე რომ, მოგიწოდებთ, სურვილის მიხედვით, მიიღოთ მონაწილეობა მარათონში. მნიშვნელოვანია, რომ პირადი მაგალითით მივცეთ მეტი სტიმული ჩვენს მოქალაქეებს, რათა ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადავიდნენ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.