გიორგი კვირიკაშვილი - მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა მონაწილეობის გაზრდას ემსახურება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მიესალმება ყველა ნაბიჯს, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა მონაწილეობის გაზრდას ემსახურება. ამის შესახებ სავალდებულო გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებაშია აღნიშნული.
პრემიერი მიიჩნევს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში პოლიტიკაში, ეკონომიკასა თუ სოციალურ განვითარებაში ქალთა სრულყოფილი და თანასწორი ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.
მისი თქმით, გენდერული თანასწორობის საკითხებზე კანონმდებლობის გაუმჯობესება და ქალთა შრომითი უფლებების გაზრდა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებაცაა.
„საარჩევნო კოდექსში“ სავალდებულო გენდერული კვოტირების ამოქმედებასთან დაკავშირებული ინიციატივა, რომელზეც პარლამენტი ამჟამად მსჯელობს, ვფიქრობ, ქალთა ჩართულობის გაზრდის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნება.
მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა მონაწილეობის გაზრდას ემსახურება, რადგან მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პოლიტიკურ პროცესებს და გაზრდის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს“, – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.