გიორგი კვირიკაშვილი - მიმდინარე თვის ბოლოს, საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი მოეწერება
საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის, მიმდინარე თვის ბოლოს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოეწერება ხელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს ევროკავშირთან, ჩინეთთან, რომელიც უახლოეს წარსულში ამოქმედდა, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან, უახლოეს ხანში, ჰონგ-კონგიც შეემატება, რასთან დაკავშირებითაც ხელშეკრულება Belt and Road-ის სამიტის ფარგლებში გაფორმდება.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პროდუქციის ექსპორტისთვის და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს ღია ეკონომიკას, ღიას – ვაჭრობისთვის, ინვესტიციებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს დამატებით ბიძგს მისცემს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“,- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.