გიორგი კვირიკაშვილი - სააკაშვილის საკითხი სამართლებრივი ინსტიტუტების ურთიერთობის ჩარჩოებს არ გასცდენია
მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაცია და კონსპირაციის თეორიები მოვისმინე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან ამ თემაზე მოკლე კომენტარი გააკეთა.
,,ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი კომენტარი გაკეთდა. ეს საკითხი არ გასცდენია სამართალდამცავი ინსტიტუტების ურთიერთობის ჩარჩოს. მე მოვისმინე ძალიან ბევრი სპეკულაცია და კონსპირაციის თეორიები ამ საკითხთან დაკავშირებით. დამერწმუნეთ, რომ ჩვენ ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყანასთან, უკრაინასთან ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი და ასეთი საკითხები პოლიტიკურ დონეზე არ იხილება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კიევის პეჩერის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ არ გაითვალისწინა და სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან რადას დეპუტატების თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა.
სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ბრალდების მხარეს ხუთდღიანი ვადა აქვს.
გადაწყვეტილების სრული ტექსტი 14 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 09:00 საათზე გამოცხადდება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი 8 დეკემბერს დააკავეს.