გიორგი კვირიკაშვილი - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მოხდა რეფორმების სრული კომპლექსით, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გაატარა
კორუფცია არ უნდა განვიხილოთ, როგორც ცალკე გამოწვევა სხვა გამოწვევებს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ პანელზე გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მოხდა რეფორმების სრული კომპლექსით, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გაატარა.
„საუბარია ეკონომიკის ღიაობაზე, როგორც სატარიფო, ისე არასატარიფო სავაჭრო ბარიერების გაუქმებაზე, საზღვრის გადაკვეთის პროცედურის მუდმივ გაუმჯობესებაზე და ასევე ქვეყნის შიგნით ღრმა რეფორმებზე. საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის თავჯდომარე ქვეყანა გახდა. გავატარეთ ღრმა რეფორმები. ჩვენ შევქმენით ინვესტორთა საბჭო, სადაც გვყავს ბიზნეს-საზოგადოების წარმომადგენლები, ბიზნეს-ასოციაციების ლიდერები, რამდენიმე მინისტრი. ჩვენ ვხვდებით კვარტალში ერთხელ და განვიხილავთ ყველა მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებას და ახალ რეგულაციას, ასე რომ ბიზნეს-საზოგადოებისთვის არ არის ნეგატიური მოულოდნელობები, ყველაფერი გამჭვირვალეა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება ციფრულ ეკონომიკას, საქართველოს პრემიერის განცხადებით, მუშაობა მიდის ერთიანი ფრონტ-ოფისის პროექტზე, რომლის სახელწოდებაა „ბიზნესის სახლი“, რომელიც არის როგორც ციფრული, ისე ფიზიკური.
„ჩვენ მთავრობის სააგენტოებიდან გამოვყოფთ არსებულ ფრონტ-ოფისებს, ვაერთიანებთ მათ და ვათავსებთ საქართველოს დედაქალაქში და რეგიონულ ცენტრებში. ამის პარალელურად, ვქმნით ციფრულ ერთიან ფრონტ ოფისს, სადაც მომსახურებას მიიღებენ, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდება გამჭვირვალობა, ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო შემცირდება კორუფციის შანსი, რადგან ყველა სერვისი ფიზიკურად და ციფრულად თავმოყრილი იქნება ერთ სივრცეში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში ქვეყნის პოზიციების გაუმჯობესება არის პოლიტიკური ნების შედეგი.
„რა თქმა უნდა, ეს არ არის გზის დასასრული. ჩვენ ამ დინამიკას განვიხილავთ არა როგორც მუდმივ მოცემულობას, არამედ როგორც რეფორმების ფაზას, რომელიც არის ქვეყნის წარმატების გასაღები. საერთაშორისო პროექტები, გეოგრაფიული მდებარეობა, რა თქმა უნდა, არის საფუძველი და მატებს ღირებულებას ყველაფერ ფუნდამენტურს, რასაც ქვეყანაში ვაკეთებთ – ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტებმა შეცვალა ქვეყნის სატრანსპორტო რუკა, შავი ზღვის პირას ახალი ღრმაწყლოვანი პორტის ანაკლიის მშენებლობა, ცენტრალური აზიის ქვეყნების ჩართულობა“, – განაცხადა პრემიერმა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე გიორგი კვირიკაშვილს ჰკითხეს, უქმნის თუ არა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას პრობლემებს ქვეყანაში არსებული სიღარიბე.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეკონომიკური განვითარება და სიღარიბის დაძლევა არის უდიდესი გამოწვევა ქვეყნის განვითარებისთვის.
„ეკონომიკური განვითარება და სიღარიბის დაძლევა არის უდიდესი გამოწვევა ქვეყნის განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს სპეციალური სახელმწიფო პროექტების განხორციელება, რომლებიც მიმართულია სიღარიბის დაძლევისკენ. ამიტომ ვართ განსაკუთრებით ფოკუსირებული მეწარმეების სტარტაპებზე, სპეციალურ ეკონომიკურ პროექტებზე სოფლებში – ეს არის მიკროგრანტების გამოყოფა, პროექტი „აწარმოე საქართველოში“, დამწყები მეწარმეების მხარდაჭერა. ეს არის მთავრობის მხრიდან გადადგმული ნაბიჯების კომპლექსი საქართველოში სიღარიბის შედეგად წარმოქმნილი რისკების შესამცირებლად“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.