გიორგი კვირიკაშვილი - კახეთი მდიდარია ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, რომელთა დაცვა ჩვენი ვალია
კახეთი მდიდარია ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, რომელთა დაცვა ჩვენი ვალია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თელავში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საქალაქო კონფერენცია გაიმართა.
პრემიერმა კონფერენციის მონაწილეებს ამ მიმართულებით კახეთის რეგიონში ჩატარებული სამუშაოების შესახებ წარუდგინა ინფორმაცია.
მისი თქმით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელ უჯარმის ჯვარპატიოსნის ეკლესიას, ასევე დავით-გარეჯის დოდოს რქის გუმბათიან ეკლესიას. ასევე, ფონდი „ქართუს“ ხელშეწყობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გურჯაანის სოფელ კალაურში იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას; გურჯაანის სოფელ სანაგირეში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიას და ლაგოდეხის მაჭის ციხეს.
„რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თითქმის დამთავრებულია თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრის შენობა. საერთო ღირებულებაა 1 200 000 ლარი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა „თელავის ისტორიულ მუზეუმს“ და ბატონის ციხის კომპლექსში შემავალ ერეკლე II სასახლეს. მუზეუმი გაიხსნება საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენით“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, მისი თქმით, დაგეგმილია უჯარმის ციხე-ქალაქისა და ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაცია.
პრემიერმა სხვა პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დასასრულს უახლოვდება თელავში მულტიფუნქციური, ორდარბაზიანი სპორტის სასახლის მშენებლობა, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობაზეა გათვლილი. დიდი დარბაზი 1 500 მაყურებელს დაიტევს, ხოლო მცირე – 500 მაყურებელს. მისი თქმით, წელს სწორედ აღნიშნული სასახლე უმასპინძლებს ხელბურთის ჩემპიონატს. თელავის სპორტის სასახლის მშენებლობაზე დაახლოებით 10 მლნ აშშ დოლარი იხარჯება. ამასთან, კახეთში ფონდი ,,ქართუ“ საერთაშორისო სტანდარტების რაგბის ბაზას აშენებს.
გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ, სოფლის მეურნეობის, სამელიორაციო, საგანმანათლებლო, ტურისტულ და სხვა სახის პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში მხარდაჭერილია 16 პროექტი, მათი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 58 მლნ ლარზე მეტია. პროექტებით სულ დაახლოებით 600 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს.