გიორგი კვირიკაშვილი - ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციის კარგი გეგმა აქვს
ფინანსთა სამინისტროს აქვს ძალიან კარგი გეგმები საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების მექანიზმებეზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დღგ-ის დაბრუნების ავტომატური სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით საშუალო და მცირე ბიზნესისთვის.
„ეს საკითხი მუდმივად პრობლემა იყო. დღეს ხდება დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნება, თუმცა იგეგმება ამ პერიოდის კიდევ უფრო შემცირება. ფინანსთა სამინისტრო გეგმავს, საგადასახადო სისტემა გახდეს უფრო მეგობრული ბიზნესთან მიმართებით და გამარტივდეს მისი ურთიერთობა სახელმწიფოსთან“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ასევე ის ცვლილებები, რომელიც განხორციელდა ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის მიმართულებით.
„ესეც იყო ძალიან კარგი ნაბიჯი ლიბერალიზაციის მიმართულებით. ასევე აღსანიშნავია მნიშვნელოვანი ცვლილებები დღგ-ის კუთხით, რომელიც დაეხმარა დეველოპერებს, გაცოცხლდა ბევრი გაჩერებული მშენებლობა. ფინანსთა მინისტრს გააჩნია საინტერესო გეგმები და იმედი მაქვს, მამუკა ბახტაძე წარმატებით გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.