გიორგი კვირიკაშვილი - ეკონომიკური ზრდის კუთხით პოზიტიური დინამიკა გვაქვს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკური ზრდის კუთხით პოზიტიურ დინამიკაზე საუბრობს.
როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ასეთი დინამიკა მთელ რიგ მაჩვენებლებში პოზიტიური დინამიკით არის გამოწვეული.
„მინდა, გამოვეხმაურო იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვაქვს ეკონომიკური ზრდის კუთხით. საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, 2017 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 5%-ის ფარგლებში გვქონდა და 2018 წლის მიმდინარე ორ თვეშიც ასევე, მაღალი ზრდა დაფიქსირდა.
თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 5,5%. ჯამში, იანვარ-თებერვლის მონაცემებით, 4,9% გვაქვს ეკონომიკური ზრდა.
მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო ბანკმაც გაზარდა 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, დაფიქსირებული პოზიტიური მაჩვენებელი მთელ რიგ მაჩვენებლებში პოზიტიური დინამიკით არის გამოწვეული, რომელთა შორის არის საწარმოთა ბრუნვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გაზრდილი ექსპორტი, ტურისტების რაოდენობა და ასევე ფულადი გზავნილები მაჩვენებელი.
წინასწარი შეფასებით, ვფიქრობთ, რომ გვექნება ძალიან კარგი მაჩვენებელი წლის ბოლოს, რაც მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის, რათა მათ განახორციელონ ახალი გეგმები, ახალი ინიციატივები და ეს მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, იძლევა საკმაოდ პოზიტიურ სურათს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, 2018 წელს პოზიტიური დინამიკა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა.
„კერძოდ, 2018 წლის თებერვალში ექსპორტი გაიზარდა 25%-ით, იმპორტი 8,7%-ით, ამასთან, პოზიტიური გავლენის ზრდაზე გავლენა იქონია მომსახურების ექსპორტის ზრდამ. გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან.
ზრდის ხელშემწყობ სხვა ფაქტორებს რაც შეეხება, 20,6%-ით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ 2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა, ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი დაბალ ნიშნულს მიაღწია, დაახლოებით 13% იყო და შემცირდა 8,7%-მდე, რაც 531 მილიონი დოლარით შემცირებას ნიშნავს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მნიშვნელოვანია სავალუტო კურსის სტაბილურობისათვის, ვფიქრობთ, რომ ესეც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური მაჩვენებელია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.