გიორგი კვირიკაშვილი - ეკლესიის, პირადად მისი უწმინდესობის დამსახურებაა ჩვენი ტოლერანტობის ისტორიული ტრადიციის შენარჩუნება
საზოგადოებასა და ეკლესიას შორის ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის ტრადიცია,კულტურა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი და უძლიერესი საყრდენი გახლავთ და ამაზეა დაშენებული საქართველოს სახელმწიფოებრიობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე – „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მისასალმებელია, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს ეძღვნება წარმომადგენლობითი საერთაშორისო კონფერენცია.
“საერთოდ, რელიგიის საკითხებზე მსჯელობისა და კვლევისთვის მეტად მნიშვნელოვანია ასეთი დიალოგის პლატფორმა, მით უფრო, რომ ქართული საღვთისმეტყველო სიტყვა და აზრი ყოველთვის საინტერესო იყო და არის ქრისტიანული სამყაროსთვის. ამიტომაც ვფიქრობ, სრულიად ბუნებრივია, რომ სამეცნიერო კონფერენცია და დისკუსიები ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიცაა რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება, იმართება საქართველოში, სადაც სასულიერო და საერო სფეროებს შორის ჰარმონიული ურთიერთობის მრავალსაუკუნოვანი, მდიდარი გამოცდილება არსებობს. საზოგადოებასა და ეკლესიას შორის ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის ეს ტრადიცია და კულტურა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი და უძლიერესი საყრდენი გახლავთ და ამაზეა დაშენებული საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ამაში განუსაზღვრელი წვლილი მიუძღვის ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის ცხოვრებაში და ერის მაკონსოლიდირებელ ძალას წარმოადგენდა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ეკლესიის სიძლიერე, რომელიც 15 საუკუნე იყო ქართველი ერის სულიერი წინამძღოლი, მორალური საყრდენი, გამაერთიანებელი, იყო ის მიზეზი, რის გამოც იმპერიამ გაილაშქრა მის წინააღმდეგ და შეუჩერა ავტოკეფალური მმართველობა.
„იმპერიული რეჟიმი შეეცადა, დაესუსტებინა ეკლესია, შეერყია ერის სიძლიერე და ეჭვქვეშ დაეყენებინა ეროვნული იდენტობა. საბედნიეროდ, ჩვენს წინაპრებს აღმოაჩნდათ უდიდესი ძალა თავგანწირული ბრძოლისათვის და ეს ბრძოლა 100 წლის წინ ავტოკეფალიის აღდგენით დაგვირგვინდა, რამაც ერის ცნობიერებაში გარდამტეხი როლი შეასრულა. 1917 წელს ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენით ისტორიული სამართლიანობა აღდგა, ჩვენ დავიბრუნეთ დედაეკლესია, რომლის წიაღშიც ჩვენი წინაპრები და სულიერი მამები საუკუნეების განმავლობაში ინახავდნენ სარწმუნოებას, დიდი რუდუნებით უფრთხილდებოდნენ იმ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყანა. ამას მოჰყვა 1918 წელს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადება, რომლის 100 წლის იუბილეს წელს ვზეიმობთ. სწორედ ამ განსაკუთრებულ ისტორიას ეძღვნება ის შესანიშნავი გამოფენა, რომელიც მეუფე დანიელმა დამათვალიერებინა. მართლაც უმდიდრესი დაურთულესი ისტორია გამოვიარეთ და ამ ისტორიის პატივისცემა არის ყველა ჩვენგანის ვალი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო ბევრჯერ მდგარა განსაკუთრებული განსაცდელის წინაშე და ასეთ დროს სწორედ ეკლესია, მღვდელმთავრები, პატრიარქები ყოველთვის ასრულებდნენ გამორჩეულ როლს.
“ამ მხრივ განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, ჩვენს სულიერ მამას, რომელიც 40 წელია, საქართველოს ეკლესიას უდგას სათავეში და რომლის დამსახურება ჩვენი სამშობლოს წინაშე ფასდაუდებელია. მისი სიბრძნე და სიყვარულის უნარი უდიდესი პატივისცემით განაწყობს სხვადასხვა აღმსარებლობისა და ეროვნების ადამიანებს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. სწორედ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, პირადად მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დამსახურება გახლავთ ჩვენი ტოლერანტობის ისტორიული ტრადიციის შენარჩუნება და განმტკიცება, რაც სხვადასხვა რელიგიის მიმართ პატივისცემას და საზოგადოებაში სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლთა მშვიდობიანად თანაცხოვრებას განაპირობებს. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი კონფერენცია საინტერესოდ წარიმართება; გაიმართება სიღრმისეული მსჯელობა დღევანდელობისთვის ისეთ უმნიშვნელოვანეს და აქტუალურ საკითხებზე, როგორიც არის რელიგიის და საზოგადოების ურთიერთობა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.