გიორგი კვირიკაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს როლი საზოგადოების სამართლებრივი კულტურისა და სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების საქმეში
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრია, მიუხედავად იმისა, რომ იგი მიეკუთვნება ე.წ. ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნების სასამართლოების რიგს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის მესამე კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საპატიო და სასიხარულოა, რომ პირველი დამოუკიდებელი ქართული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეზე და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 97 წლის თავზე, საქართველო მასპინძლობს ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის კონგრესს.
ამასთან, მისი შეფასებით, მისასალმებელია, რომ ასოციაციის წევრი ქვეყნები გაერთიანდნენ საერთო მიზნების გარშემო, რომლებიც ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ხელშეწყობას, საკონსტიტუციო სასამართლოების დამოუკიდებლობის მხარდაჭერას, კანონის უზენაესობის პრინციპების დამკვიდრებას და ასოციაციის წევრ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაცვლას.
ამავე დროს, პრემიერის განცხადებით, წევრი ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოები ორიენტირებულნი არიან, გააძლიერონ კონსტიტუციური მართლმსაჯულება თავიანთ ქვეყნებში, ხელი შეუწყონ დიალოგს კონსტიტუციურ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და გააღრმაონ ორმხრივი თანამშრომლობა ამ მიმართულებით.
„უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრია, მიუხედავად იმისა, რომ იგი მიეკუთვნება ე.წ. ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნების სასამართლოების რიგს. ამის დასტურია ის საერთაშორისო აქტივობები, რომლებიც მან ბოლო წლებში განახორციელა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ბოლო 3 წლის განმავლობაში, 2014-2017 წლებში თავმჯდომარეობდა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციას – სრული ევროპული მასშტაბის ფორუმს, რომელიც აერთიანებს ევროპის ქვეყნების საკონსტიტუციო მართლმსაჯულების განმახორციელებელ ინსტიტუციებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის საერთაშორისო აღიარება ხელს შეუწყობს ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებების განმტკიცებას და საქართველოში დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფო სისტემის განვითარებას.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როლი საზოგადოების სამართლებრივი კულტურისა და სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების საქმეში უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას.