გიორგი კვირიკაშვილი - ჟენევის ფორმატის დონის აწევის შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორების ჩართულობით, შესაძლებელია ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გარღვევა
კომუნიკაცია მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ჟენევის ფორმატის რესურსი მაქსიმალურად არის გამოსაყენებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
პრემიერს ჟურნალისტებმა კითხეს, თუ რას ფიქრობს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრაზე, რასაც დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ჟენევის ფორმატის დონის აწევის შემთხვევაში, შესაძლებელია, მოხდეს გარღვევა მნიშვნელოვან საკითხებზე.
„მე ამაზე ბევრჯერ მისაუბრია, მათ შორის ჩემი პარლამენტში გამოსვლის დროსაც. რა თქმა უნდა, კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ჟენევის ფორმატი გამოსაყენებელია მაქსიმალურად. შესაძლებელია, რომ ჟენევის ფორმატის დონის აწევის შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორების ჩართულობით იქ მოხდეს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გარღვევა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, ამის რესურსი არსებობს და შესაძლებელია პრობლემის გადაწყვეტა წითელი ხაზების დაცვით, რომლებიც საქართველოს გააჩნია – ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.
„მე ამის მჯერა, ამის რესურსს ვხედავ და ვფიქრობ, იმ წითელი ხაზების დაცვით, რომლებიც საქართველოს გააჩნია და ბუნებრივია, ეს არის ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი სუვერენიტეტი, პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია. უბრალოდ, ამისთვის საჭიროა, მაქსიმალურად გამოყენებული იყოს ის ფორმატები, რომლებიც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერი მიიჩნევს, რომ მოცემულ ეტაპზე, მნიშვნელოვანია ჟენევის ფორმატის რესურსის ბოლომდე გამოყენება.
„ვფიქრობ, ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჟენევის ფორმატის რესურსის ბოლომდე გამოყენება. ამაზე ბევრჯერ მისაუბრია და კიდევ ვამბობ – მინიმუმ მინისტრის დონეზე, შესაძლოა, უფრო მაღალ დონეზეც გაიმართოს ეს შეხვედრა. ამ ფორმატში არის აბსოლუტურად ყველა ის მოთამაშე, რომელთა ჩართულობითაც იმ პრობლემასა და იმ უდიდეს ტკივილში, რომელიც საქართველოს გააჩნია, შესაძლებელია პოზიტიური დინამიკის შექმნა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოსკოვში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას არ გამორიცხავენ. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განუცხადა. თუმცა, კარასინის თქმით, უმაღლესი დონის შეხვედრისთვის კარგი მომზადებაა საჭირო.