დღეს, როცა ჩვენს სამშობლოს ჭრილობები ჯერაც არ მოუშუშებია, ყველაზე მეტად გვჭირდება ერთობა და შეკავშირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სხვაგვარად ვერ შევძლებთ იმ დიდი მიზნის მიღწევას, რასაც ქვეყნის გამთლიანება ჰქვია.
„ქვეყნის ცხოვრებაში დგება დღეები და წუთები, რომლებიც მომავალს ქმნიან და ერის ბედს წყვეტენ. 100 წლის წინ სწორედ ასეთი დღე იყო საქართველოსთვის 26 მაისი.
ეს დღე ერის ისტორიის ლოგიკური განვითარების, მარადიული ეროვნული ენერგიისა და მრავალი თაობის უდიდესი ძალისხმევის შედეგი იყო. დღეს არ შეიძლება არ გავიხსენოთ XIX საუკუნის სამოციანელების, თერგდალეულების, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიული როლი. ქართული პოლიტიკური და სამართლებრივი აზრი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა წინ ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისაკენ და ამზადებდა 1918 წლის 26 მაისს. რომ არა ეს ხალხი, რომ არა გამორჩეული ქართველი მოღვაწეები, რომ არა საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებული როლი, სადაც ნაკვერჩხალივით ინახებოდა ჩვენი ერის ეროვნული სულისკვეთება, რომ არა გამთლიანებული ეროვნული ცნობიერება, არც 1918 წლის 26 მაისი იქნებოდა და არც დღევანდელი საქართველო იქნებოდა ისეთი, როგორიც არის.
1918 წლის 26 მაისი თანაბრად ეკუთვნის საქართველოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. წარსულს იმიტომ, რომ სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი საქართველოს სახელმწიფოს ეროვნულ პოლიტიკას, რომელიც მაშინდელი მსოფლიო ცივილიზაციის მონაპოვარად მიჩნეულ ღირებულებებზე იყო დაფუძნებული.
აწმყოს იმიტომ, რომ დღეს ქართული სახელმწიფო ზუსტად იმ ღირებულებების მემკვიდრე და გამგრძელებელია, რომლებმაც ისე ახლოს მიიყვანა ჩვენი ქვეყანა ევროპასთან, როგორც არასდროს – დღეს ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და უვიზო მიმოსვლა ჩვენი მოქალაქეებისთვის.
მომავალს იმიტომ, რომ იმავე ღირებულებების ერთგულებითა და მათზე დაყრდნობით ჩვენ ვიკვალავთ ახალ გზებს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისკენ, რათა ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ მსოფლიოს განვითარებულ და ცივილიზებულ სახელმწიფოთა შორის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, 100 წლის წინ საქართველოს სახელმწიფომ მიიღო პირველი კონსტიტუცია, რომელიც დღემდე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში. ეს იყო მრავალეთნიკური სახელმწიფოს კონსტიტუცია, რომელიც მოიცავდა უნივერსალურ საარჩევნო ხმის უფლებას, უმცირესობათა უფლებებსა და რელიგიის თავისუფლებას.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო იყო ევროპაში ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, სადაც ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, სწორედ იმ დროიდან იწყება საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორია.
„ჩვენ 100 წლის ჩვენ შევქმენით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. თუმცა, სულ რაღაც სამ წელიწადში წითელი არმია შემოიჭრა საქართველოში და სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თავისუფლება 70 წლით გადაიდო; მაგრამ პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლების, ჩვენი დიდი ერისკაცების სულისკვეთებას უქმად არ ჩაუვლია.ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არასოდეს გვიღალატია თავისუფლების იდეისათვის, რომელიც თაობიდან თაობაში გადადიოდა და 27 წლის წინ კვლავ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დაგვირგვინდა.
დღევანდელი გადასახედიდან, 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და ქვეყნის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაფუძნება კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს.
პირველი რესპუბლიკის გამოცდილება ჩვენი დასავლური იდენტობის დამადასტურებელი კიდევ ერთი ძლიერი არგუმენტია. და ის, რომ საქართველო დღეს ასე მყარად დგას ევროპასა და ნატოს-თან ინტეგრაციის გზაზე, სწორედ იქედან იღებს სათავეს.
დღეს საქართველოს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიოში მშვიდობისთვის ბრძოლაში. სამშვიდობო მისიების მონაწილე ქართველმა მეომრებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად საქართველო საიმედო და ერთგული პარტნიორის სახელით განამტკიცეს მთელ მსოფლიოში. მინდა, მათ განსაკუთრებულად მივულოცო დღევანდელი დღე, მადლობა გადავუხადო ერთგული სამსახურისთვის და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება ვუსურვო“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს, როდესაც საქართველოს ორი რეგიონი ოკუპირებულია, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის, მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების, ევროკავშირის გვერდში დგომას.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას მხარდაჭერისთვის, სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში დახმარებისთვის, განსაკუთრებით ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელთან თანამშრომლობაც უპრეცედენტო მასშტაბს იღებს.
დღეს, როცა ჩვენს სამშობლოს ჭრილობები ჯერაც არ მოუშუშებია, ყველაზე მეტად გვჭირდება ერთობა და შეკავშირება. სხვაგვარად ვერ შევძლებთ იმ დიდი მიზნის მიღწევას, რასაც ქვეყნის გამთლიანება ჰქვია. ჩვენ ყველა ერთად,მხოლოდ მშვიდობისა და შერიგების გზით, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების ნდობის აღდგენით მივაღწევთ სანუკვარ მიზანს და მათთან ერთად ვიცხოვრებთ ერთიან საქართველოში.
დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქე ქმნის ისტორიას,ყოველ ჩვენგანს გვაკისრია მისია, რომ 100 წლის წინ ჩაყრილ საძირკველს დავაშენოთ კეთილდღეობასა და სულიერ ძლიერებაზე დამყარებული ქართული სახელმწიფო.
მე მჯერა, რომ 100 წლის წინ დადებულ ფიცს დღეს ბოლომდე აღვასრულებთ და საქართველო დამკვიდრდება, როგორც ძლიერი და შეუქცევადი დემოკრატიის სახელმწიფო“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.