გიორგი კვირიკაშვილი - დღეს მოდაშია ნეგატივი და ხშირად ადამიანებმა არ იციან თუნდაც მეზობელ სოფელში, ქალაქში გაკეთებული საქმის შესახებ
დღეს მოდაშია ნეგატივი და ხშირად ადამიანებმა სამწუხაროდ არ იციან თუნდაც მეზობელ სოფელში თუ ქალაქში გაკეთებული საქმის შესახებ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ თვითკმაყოფილნი გაკეთებული საქმით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ რუსთავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ გაკეთებული საქმეები და შესრულებული დაპირებები იცოდნენ, განსაკუთრებით “ქართული ოცნების” წევრებმა.
„მინდა, საკმაოდ დეტალურად ვისაუბრო ჩვენს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, ვინაიდან, სამწუხაროდ, ხშირად მასმედია ხშირად არ აშუქებს გაკეთებულ საქმეებს. დღეს, მოგეხსენებათ, მოდაშია ნეგატივი და ხშირად, ადამიანებმა სამწუხაროდ არ იციან თუნდაც მეზობელ სოფელში თუ ქალაქში გაკეთებული საქმის შესახებ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ თვითკმაყოფილნი გაკეთებული საქმით. წინ გაცილებით უფრო ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია, გაკეთებული საქმეები და შესრულებული დანაპირები იცოდნენ განსაკუთრებით ჩვენი პარტიის აქტივის წევრებმა”, – მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა კონფერენციის მონაწილეების.
მისივე თქმით, ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელდა ჯამში დაახლოებით 1700 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 151 300 000 ლარია.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რეგიონში დაიგო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 401 კმ გზას, რაზეც დაიხარჯა 70 500 000 ლარი.
“აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 100–მდე საბავშვო ბაღს. მხოლოდ გასული სამი წლის განმავლობაში აშენდა 9 საბავშვო ბაღი, მათ შორის: ქალაქ რუსთავში, მარნეულში სოფელ ალგეთში, სოფელ სადახლოში, წელს დასრულდება საბავშვო ბაღების მშენებლობა წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში კიზილკილისსა და კოხტაში, გარდაბანში სოფელ ახალსოფელში და სოფელ აღთაკლია–ყარათაკლიაში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთში და სოფელ ასურეთში. აღნიშნულ ბაღებს ჯამში 800–ზე მეტი ბავშვის მომსახურება შეუძლიათ. რეაბილიტირდა და ახალი სასმელი წყლის სისტემა იქნა გაყვანილი 278 სოფელში, თანხით 15 800 000 ლარი. გასულ წელს დაიწყო მასშტაბური პროექტი, როგორიცაა მარტყოფის, ნორიოსა და ახალსოფლის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა, რომელიც, უნდა ითქვას, რომ თავისი მნიშვნელობით და მასშტაბებით უპრეცედენტოა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის და იგი ხუთი სოფლის – ახალსოფლის, ნორიოს, მარტყოფის, ახალი სამგორის და ვაზიანის 18 000-მდე ოჯახს მოემსახურება 24-საათიან რეჟიმში”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.