გიორგი კვირიკაშვილი დღეს დონალდ ტუსკს შეხვდება 
გიორგი კვირიკაშვილი დღეს დონალდ ტუსკს შეხვდება 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შეხვდება.

მოლაპარაკებები ბრიუსელში დღეს საღამოს არის დაგეგმილი. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპთან.

ინფორმაცია გამოცემა Politico ავრცელებს. ტუსკთან მოლაპარაკებები ბრიუსელში დაგეგმილ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტამდე ერთი დღით ადრე იმართება.

“აღმოსავლეთ პარტნიორობის” რიგით მეხუთე სამიტი ბრიუსელში ხვალ არის დაგეგმილი. მას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და პროგრამის მონაწილე ექვსი ქვეყნის საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას, ბელარუსის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობის წევრები დაესწრებიან.

როგორც სამიტის წინ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, სამიტზე სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრებენ.
პრიორიტეტულად კი დასახელებულია ოთხი საკითხი : 1. ძლიერი ეკონომიკა, რაც ეკონომიკის განვითარებას და ბაზრის შესაძლებლობების უკეთ გამოყენებას ითვალისწინებს. 2. ძლიერი მმართველობა, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას გულისხმობს. 3. ძლიერი კავშირები. რაც ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას უკავშირდება. 4. ძლიერი საზოგადოება, რაც მოქალაქეებს შორის კავშირების განმტკიცებას ეხება. ამ პრიორიტეტების მიხედვით, განსაზღვრულია 20 ამოცანა. რომელთა შესრულებასაც პარტნიორები 2020 წლამდე გეგმავენ.