გიორგი კვირიკაშვილი - დავოსში გამართული თითოეული შეხვედრა კონკრეტულ შედეგზე იყო ორიენტირებული
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ შედგა წარმატებული, პროდუქტიული ვიზიტი და დავოსში გამართული თითოეული შეხვედრა კონკრეტულ შედეგზე იყო ორიენტირებული.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიხატა, ყველა კომპანიის წარმომადგენელი, ინვესტორი, ვისთანაც შეხვედრა გაიმართა, საქართველოს განიხილავს, როგორც რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ძალიან სწორ ადგილს.
“ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ პრაქტიკულად ვიწყებთ იმ შეთანხმებების რეალიზებას, რომლებსაც მივაღწიეთ ევროკავშირთან, ჩინეთთან და ა.შ. ჩვენ გვქონდა კონკრეტული შეხვედრები, იყო რამდენიმე მსხვილი ინდური კომპანია. მაგალითად, შემიძლია დავასახელო მსოფლიო მასშტაბის კომპანია wipro, რომელიც განიხილავს საქართველოში წარმომადგენლობის გაკეთებას, რათა სერვისები შესთავაზოს საქართველოდან სხვა ქვეყნებს. ასევე, იყო ამერიკული მსხვილი კომპანია hillwood-ი, რომელიც არის ლოგისტიკის სფეროში ძალიან მსხვილი მოთამაშე და საქართველოს რეგიონული წარმომადგენლობისთვის სწორ ქვეყანად განიხილავს. ასევე იყო პოლიტიკური შეხვედრები. რამდენიმე წუთის წინ დავასრულეთ შეხვედრა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩთან. ვისაუბრეთ ენერგეტიკის სფეროში რეგიონულ პროექტებზე, ასევე – საქართველოს ენერგოკავშირში გაწევრიანების შემდეგ ჩვენს მიერ გადასადგმელ ნაბიჯებზე. ასევე, გვქონდა შეხვედრა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი მომავალ პროექტებზე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საინტერესო შეხვედრა შედგა ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრთან.
მისივე თქმით, პანელზე, სადაც სიტყვით გამოვიდა, აბსოლუტურად ყველა მონაწილემ აღნიშნა საქართველოში არსებული პროგრესი და ამ პროგრესის მნიშვნელობა, არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვის.
“მინდა აღვნიშნო, რომ დავოსში ჩამოსვლამდე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა და საქართველო იწყებს მომზადებას, დაახლოებით 2030 წლის პერსპექტივისთვის, რათა მოვამზადოთ ქვეყანაში ყველაფერი, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშები საქართველოში ჩავატაროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ეს ასევე მოიტანს უამრავ ახალ ინვესტიციას, ახალ სამუშაო ადგილებს და საქართველოს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საერთაშორისო მასშტაბით. შთაბეჭდილება, რომელიც აბსოლუტურად ყველას დარჩა იმ კომენტარებიდან, რომლებიც მოვისმინეთ, არის ის, რომ საქართველო განვითარების ძალიან სწორ გზას ადგას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.