გიორგი კვირიკაშვილი - რეგიონის უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან საქართველო ყველაზე ნაკლებად დაზიანებული გამოვიდა
გიორგი კვირიკაშვილი - რეგიონის უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან საქართველო  ყველაზე ნაკლებად დაზიანებული გამოვიდა

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგა ბოკერიამ მთავრობის განახლებულ გუნდს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები შეახსენა.

უმცირესობის სხდომაზე გიგა ბოკერიამ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლების ჩანაწერი წარადგინა, სადაც ყოფილი პრემიერი ენერგეტიკის სფეროზე, ბუნებრივი აირის ტარიფსა და უფასო ფულზე საუბრობს.

“სოციალურ ქსელში “მეხსიერება” ამოაგდებს ხოლმე, სამი-ხუთი წლის წინ რა ხდებოდა. საუბარი იყო, პრობლემურ სესხებზე და იმაზე, რომ მეოთხე წელი ყველაზე კარგი იქნებოდა, მაგრამ თქვენი წელთაღრიცხვის მეხუთე წელია და თქვენი დაპირებები სიცრუე იყო, თუ შესრულდა და პარალელურ რეალობაში ვცხოვრობთ?”, – მიმართა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამ ვიდეოში საუბარი იყო ზუსტადაც იმ საქმეების შესახებ, რაც მთავრობამ გააკეთა. მისი თქმით, ენერგეტიკის ტარიფები ვერ შემცირდა, მაგრამ მნიშვნელოვნად არ გაზრდილა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

„პირველ რიგში, რაც შეეხება ენერგოტარიფებს – 2014 წელს, რაც მოხდა უკრაინაში, არ მეგულება, დედამიწის ზურგზე რომელიმე პოლიტიკოსი, რომელიც ამის გათვლას მოახერხებდა. ჩვენმა რეგიონმა გაიარა უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი და ამ ეკონომიკური კრიზისიდან საქართველო გამოვიდა ყველაზე ნაკლებად დაზიანებული, სწორი ფისკალური, მონეტარული და სწორი შიდაეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე. ვინაიდან მოხდა მნიშვნელოვანი დევალვაცია და ენერგეტიკის ფასწარმოქმნაში დოლარის კურსს ენიჭება ძალიან დიდი წილი და რა თქმა უნდა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ისიც ახსენა, რომ გარკვეული პროგნოზები, რომელიც მას მიაწოდეს სხვადასხვა ექსპერტებმა, შეიძლება არ იყო ბოლომდე ზუსტი. მე მაინც ვიტყოდი, რომ 2014 წელს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებები და სირიის კრიზისი, რომელიც ასევე არ არის შორს საქართველოდან, იყო ძალიან დიდი ტექტონიკური ფაქტორი ჩვენს რეგიონში, რომლიდანაც ჩვენი ქვეყანა ყველაზე ნაკლები ზიანით გამოვიდა, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ენერგეტიკის ტარიფები ვერ შემცირდა, მაგრამ მნიშვნელოვნად არ გაზრდილა და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ლარში ის არ გაყვა მთლიანად ესე ვთქვათ სავალუტო კურსს. ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო, ინფლაციის დონე შეენარჩუნებინა ისეთ მასშტაბებში, რომელიც ფასების კონტროლის თვალსაზრისით, არ მოუტანდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას დამანგრეველ ეფექტს“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება უფასო ფულს, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ვიდეოში ნათლად იყო საუბარი 1-2%-იან სესხებზე. როგორც პრემიერმა აღნიშნა, აგროკრედიტები, რომელიც ფარგლებშიც მილიარდზე მეტი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, პრაქტიკულად არის შვიდწლიანი სესხი, სადაც 1 და 2 პროცენტზე მეტი განაკვეთი არ ფიქსირდება.

„ეს არის პროგრამა, რომელიც საგრანტო კომპონენტებსაც შეიცავს და საგრანტი კომპონენტების ფარგლებში, ჩვენ გვქონდა პროდუქტები, სადაც 40%-იანი გრანტი იყო, 50% მთელი თანხის 1-2 პროცენტიანი სესხი და 10 % იყო მხოლოდ თანამონაწილეობა მოთხოვნილი. არის თუ არა ეს პრაქტიკულად უფასო ფული? – გამეცით პასუხი“, – მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა გიგა ბოკერიას.

პრემიერ-მინისტრის თქმით, რაც შეეხება იპოთეკებს, კრიზისული პერიოდების დროს, საბანკო ასოციაციის ჩართულობით, მოხდა კონსტრუქციული თანამშრომლობა და სესხების გადავადება, ვადაში გახანგრძლივება, დეფოლტის თავიდან აცილება კლიენტებისთვის და ასეთი კომუნიკაციები მუდმივად გრძელდებოდა.

რაც შეეხება დევნილებისთვის სახლებს, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,  15 ათასამდე დევნილი ოჯახი არის დაკმაყოფილებული მუდმივი საცხოვრებელი ფართით, აქედან ნაწილი დაკანონებულია, ნაწილი ახალი აშენებული. მისივე თქმით, ამ მიმართულებით გრძელდება მუშაობა.

„რაც შეეხება იმას, რომ მეოთხე წელი იქნება ძალიან კარგი, ამაზე უკვე გაგეცით პასუხი – რომ არ მომხდარიყო 2014 წლის უდიდესი რეგიონული კატაკლიზმა, რაც მოხდა ჩვენს რეგიონში, უკრაინაში დაწყებული ძალიან მძიმე კონფლიქტისა და ოკუპაციის სახით, გაცილებით სხვა ათვლის წერტილში ვიქნებოდით დღეს. ეს არის ჭეშმარიტება“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.