გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინაპირობა და გარანტი არის საქართველოს კონსტიტუცია
გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინაპირობა და გარანტი არის საქართველოს კონსტიტუცია

მინდა, საქართველოს ხელისუფლების სახელით, კიდევ ერთხელ დავადასტურო პატივისცემა სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის მიმართ, – აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის მესამე კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, სახელმწიფო პოლიტიკური სისტემა მაქსიმალურად დაინტერესებულია, შექმნას ყველა პირობა, რომ თითოეულმა მოსამართლემ თავისუფლად და შეუფერხებლად შეძლოს საქმიანობა.

მივსდევთ რა საუკეთესო ევროპულ ტრადიციებს, ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკური სისტემა მაქსიმალურად დაინტერესებულია, შექმნას ყველა პირობა – საკანონმდებლო, ადმინისტრაციული თუ მატერიალური სახის გარანტიები – იმისთვის, რომ თითოეულმა მოსამართლემ შეძლოს საკუთარი საქმიანობის თავისუფლად და შეუფერხებლად განხორციელება. ამ მიზნით, აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოსთან, რათა მოხდეს მისი ინსტიტუციური გაძლიერება“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მისი თქმით, სახელმწიფო პატივს სცემს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობას.

„კანონის უზენაესობის კონსტიტუციური პრინციპის შესაბამისად, ჩვენ პატივს ვცემთ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობას, როგორც ჩვენი დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირების შემადგენელ ნაწილს და მისი სამომავლო განვითარების აუცილებელ წინაპირობას“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისი განმარტებით, საქართველოს მიზანია დემოკრატიული და განვითარებული ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა და სწორედ ეს უდევს საფუძვლად ქვეყანაში რეფორმებისა და მოდერნიზაციის პროცესს.

„ჩვენ ვაფასებთ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს და ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ მათი მხარდაჭერა, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები“, – განაცხადა პრემიერმა და მადლობა გადაუხადა საქართველოს პარტნიორებს, მეგობარ ქვეყნებს მათ მიერ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის განვითარების საქმეში შეტანილი  წვლილისთვის.

ამასთან, პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  საქართველოს დემოკრატიული განვითარების წინაპირობა და გარანტი არის  ქვეყნის კონსტიტუცია.

„ამ კონტექსტში მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინაპირობა და გარანტი არის საქართველოს კონსტიტუცია, რომლის ახალმა რედაქციამაც უზრუნველყო მისი შესაბამისობა საუკეთესო ევროპულ სტანდარტებთან.

განხორციელებული ცვლილებების შედეგად, დღეს ჩვენ გვაქვს სრულყოფილი კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში სტაბილურობასა და პლურალიზმს, რომელიც უზრუნველყოფს დაბალანსებულ და მკაფიოდ გადანაწილებულ პასუხისმგებლობას ხელისუფლების შტოებს შორის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა კონგრესზე აღნიშნა, საქართველოსთვის, რომელიც დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გზას ადგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა და სახელისუფლებო სტაბილურობის განმტკიცება, რისი გარანტიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოა.

„ამ დარბაზში ვხედავ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოყოლებული, იდგნენ ქართული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის სათავეში, როგორც უზენაესი, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს სათავეში და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ამ ადამიანებს მათ მიერ გაწეული ღვაწლისთვის“, – განაცხადა პრემიერმა კონგრესზე გამოსვლისას და აღნიშნა, რომ კონგრესი ღირებულ საფუძველს შექმნის საქართველოსა და ევროპის ქვეყნების როგორც ეროვნული, ისე რეგიონული სასამართლოების ინსტიტუციური დიალოგის განვითარებისთვის. ეს კი, ხელს შეუწყობს საქართველოს სამართლებრივი სისტემის დაახლოებას ევროპულ სამართალთან.