წინ ბევრად მეტი საქმე გვაქვს და ჩვენი ხალხისთვის ეს საქმეები ერთად უნდა ვაკეთოთ, ქვეყნისთვის უკეთესი მომავალი უნდა შევქმნათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში, პარტიის რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, “ქართული ოცნების” თითოეული წევრი მნიშვნელოვან როლს შეიტანს ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.
„სრულად ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის, ამიტომ თანმიმდევრულად უნდა გადავდგათ ის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში კეთილდღეობას მოიტანს”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც 2012 წლიდან, პირველივე დღიდან, “ქართული ოცნების” რიგებში იყო, წვლილი შეიტანა იმ ბრძოლაში, რომელსაც მოჰყვა დიდი გარდატეხა ქვეყანაში, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით.
„სამეგრელოს ყოველთვის ეთქმოდა განსაკუთრებული სიტყვა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და დიდი იმედი მაქვს, ის სულისკვეთება, რომელიც ამ დარბაზშია, განსაკუთრებით, “ქართული ოცნების” აქტივის წევრებში, ასეთივე იქნება, ვინაიდან ჩვენ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, ზურგის უკან ჩვენ უკვე გვაქვს
გაკეთებული საქმეები, რაც სიამაყის საფუძველს გვაძლევს, მაგრამ მომავალში კიდევ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი, რომ აღმშენებლობის პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ და თითოეულ ოჯახში მივიდეს კეთილდღეობა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
” სამეგრელოში დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. ეს არის საუკუნის მართლაც პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის. ანაკლიის ნავსადგური იქნება ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ლოგისტიკური ცენტრი მთელ რეგიონში. პროექტის ჯამური ღირებულება რამდენიმე მილიარდი დოლარია. ეს არის პროექტი, რომლის საშუალებითაც შეიქმნება ათასობით ახალი სამუშაო ადგილი, შემოვა ინვესტიციები. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სახით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში ჩნდება განვითარების ძალიან დიდი შესაძლებლობები. აქვე ვიტყვი, რომ დაგეგმილია პორტთან მისასვლელი 17 კმ-იანი გზის მშენებლობა. მისი ღირებულება 11 მილიონ ლარამდეა”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, რეგიონში ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები გზების რეაბილიტაციის 11 პროექტზე, რომლებზეც 25 მილიონ ლარზე მეტის დაიხარჯება.
„ჩვენ ასევე ვახორციელებთ მასშტაბურ პროექტებს, რათა საბოლოოდ გადავჭრათ წყალმომარაგების პრობლემა ზუგდიდში, სენაკში, აბაშასა და ჯვარში. წყლის პრობლემა უკვე მოვაგვარეთ ანაკლიაში, მესტიასა და ფოთში, სადაც მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს. წელს ზუგდიდისა და ჯვრის მოსახლეობას მოუგვარდება პრობლემა, რომელიც მათ ათწლეულების განმავლობაში აწუხებდათ. რეგიონის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტისთვის დახარჯულმა თანხამ, 2013 წლიდან დღემდე 91 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. დაიგო ახალი გზები, განხორციელდა წყალმომარაგების, გაზიფიცირების და ნაპირდაცვითი სამუშაოები. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ რუხში დასრულდა მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოები. აქ იქნება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თანამედროვე სამედიცინო ცენტრი, რომელიც რეგიონის მოსახლეობასთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებსაც მოემსახურება. აქვე მინდა ვთქვა, რომ სოფელ რუხში მოეწყო სავაჭრო ცენტრი, რომლითაც ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, სარგებლობენ ჩვენი აფხაზი დები და ძმები. ასე რომ, ეს პროექტი მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით არ არის მნიშვნელოვანი, არამედ გახლავთ ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან შეხვედრის ადგილი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ინიციატივაზე “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენაც” ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა ითვალისწინებს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების, ვაჭრობის წახალისებას.
„იმედი მაქვს, ეს და სხვა კონკრეტული პროექტები გახდება ჩვენი შერიგების პოლიტიკის ეფექტიანი ინსტრუმენტები ურთიერთობების აღდგენისა და დაახლოებისთვის ეფექტური ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ეს სათანადოდ აისახება სამეგრელოში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ პირობებზეც. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რომლის ძალისხმევითაც, გასული დღეების განმავლობაში კიდევ 22 უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის ნეშტი იქნა აღმოჩენილი და მიწას მიბარებული. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით, დღემდე 148 უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის ნეშტი იქნა აღმოჩენილი და მიწას მიბარებული სათანადო პატივით. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, რადგან მათ აქვთ მინიჭებული მანდატი, არ გაუმხილონ მესამე მხარეს ინფორმაციის წყარო, საიდან იღებენ ცნობას დაკარგული ადამიანების თუ მათი ნეშტების ადგილსამყოფელის შესახებ. ამიტომ, მინდა, მოვუწოდო ყველას, თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ადგილმდებარეობის შესახებ, მიაწოდონ ცნობა ამ ორგანიზაციას, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია, ნეშტები დაუბრუნდეს ოჯახებს, სათანადო პატივით იქნას დაკრძალული, როგორც ქართველების, ისე – აფხაზების და ოსების”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში რეგიონში დაფინანსდა 27 პროექტი, რაც 2 300-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს.
„მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში მხარდაჭერილია 800-მდე პროექტი. ვიდრე სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ვისაუბრებდეთ, მინდა, აუცილებლად შევეხო იმ უდიდეს გამოწვევას, რომლის წინაშეც აზიურმა ფაროსანამ დაგვაყენა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სხვა სამთავრობო სტრუქტურებთან ერთად, ასევე პარლამენტის ჩართულობით, ინტენსიურად და კოორდინირებულად მუშაობს. უკვე დაწყებულია საველე სამუშაოების ორგანიზება, შეწამვლითი ღონისძიებები და მასშტაბური საინფორმაციო კამპანია. გამოყოფილია შესაბამისი საბიუჯეტო სახსრები. იცით, რომ აზიურ ფაროსანას არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ებრძვიან და მნიშვნელოვანია, რომ შედეგის მიღება, მხოლოდ მოსახლეობის უშუალო, აქტიური ჩართულობით და მათი მხრიდან შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებით არის შესაძლებელი”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, გაიხსნა 21 ახალი საწარმო და გაფართოვდა და გადაიარაღდა 42 არსებული საწარმო, ახალ საწარმოებში ჯამური ინვესტიცია 26 მილიონ დოლარზე მეტია, დასაქმდა 2650-მდე ადამიანი.
„პროექტის – „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენდა 51 ბაღი, 370- მდე ჰა მიწის ფართობზე, რისთვისაც 2.6 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. საამაყოა, რომ თბილისის შემდეგ, ტექნოლოგიური პარკი სწორედ ზუგდიდში გავხსენით, რომელიც თბილისის ტექნოპარკის მსგავსად თანამედროვე ტექნიკითა და ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს აქვს უზარმაზარი პოტენციალი ტურიზმის განვითარების კუთხით. ახლა აქ არაერთი პროექტი ხორციელდება, რომელთა დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება ტურისტების რაოდენობა. ბოლო სამი წლის განმავლობაში რეგიონს 11 ახალი სასტუმრო შეემატა და მომავალ წლებში ამ მიმართულებით, კიდევ მრავალი პროექტის განხორციელება იგეგმება. ენგურჰესის კაშხალზე ვაშენებთ მსოფლიო დონის ატრაქციას. ეს იქნება მრავალფუნქციური ტურისტული ზონა, რომელიც ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. ენგურჰესის ტურისტული ცენტრი, დარწმუნებული ვარ, გახდება საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავიზიტო ბარათი. მარტვილის კანიონი კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და პერსპექტიული ადგილია ტურისტული თვალსაზრისით. იქ უკვე მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა და დღეს ეს კანიონი ერთ- ერთი ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიაა, რომელსაც ყოველწლიურად დაახლოებით 150 ათასი ვიზიტორი სტუმრობს. ჩვენ ვაგრძელებთ საბაგიროების მშენებლობას სვანეთში. მხოლოდ მესტია-ჰაწვალის საბაგიროს პროექტი, რომელიც გასულ წელს განხორციელდა, 17 მილიონი ლარის ღირებულებისაა. მან დააკავშირა მესტიის ცენტრი ჰაწვალის საბაგიროსთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო დამატებით ტურისტების მოზიდვისთვის და ადგილობრივად ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, რეგიონის ხუთ სოფელში დამონტაჟდა მინი საბაგიროები, რომლებიც მიმზიდველი გახდა ადგილობრივი ბავშვებისთვის, ახალგაზრდა თაობისთვის და იქ უკვე შეჯიბრებებიც კი ეწყობა.
„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩავატარეთ თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტის პოტენციალის მთლიანად ასათვისებლად, რაშიც საერთო ჯამში 100 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. თეთნულდი ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს ტურისტებს. ამ ულამაზეს რეგიონში მთებს მართლაც განსაკუთრებული ხიბლი აქვს, იზიდავს უამრავ მნახველს, მაგრამ ჩვენი ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება წელგამართული, როცა მთაში მცხოვრებ ჩვენს ხალხს ცხოვრებისა და განვითარების ყველა პირობა ექნება. სწორედ ამიტომ, სამეგრელო-ზემო სვანეთის 158 მაღალმთიანი სოფელი უკვე სარგებლობს სპეციალური სახელმწიფო შეღავათებით, რაც მნიშვნელოვანი დახმარებაა მაღალ მთაში მცხოვრები ადამიანებისთვის. ეს შეღავათები განაპირობა მთის კანონის მიღებამ, რამაც ახალი ჟანგბადი და ახალი სუნთქვის საშუალება მისცა მთიან რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს – ექიმებს, მასწავლებლებს, პენსიონრებს, იქ მოღვაწე საქმიანი წრეების წარმომადგენლებს და დამერწმუნეთ, ეს ნაბიჯი იყო უმნიშვნელოვანესი, რათა მთაში არა მხოლოდ დავამაგროთ იქ მყოფი მოსახლეობა, არამედ ბარში ჩამოსული ადამიანები დავუბრუნოთ მთას. რაც შეეხება რეგიონში დევნილთა განსახლების საკითხს, 1340-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა ბინები, 870-ს კი – კერძო სახლები მიწის ნაკვეთით. ზუგდიდში შენდება 10 თორმეტსართულიანი კორპუსი 600 ოჯახისთვის, რომლებიც მალე საკუთარ ჭერქვეშ იცხოვრებენ. მიმდინარეობს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია. ამ ისტორიული ბაღის აღდგენისა და განვითარებისთვის დაწყებული პროექტის ღირებულება 12 მილიონ ლარამდეა. გასულ წელს გავხსენით მალთაყვას სანაპირო ზოლის ნაწილი. ამჟამად მშენებლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც შემოდგომაზე დასრულდება. პროექტი გაგრძელდება და ის მთლიანი სანაპირო ზოლის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ ფოთმა, საპორტო ქალაქთან ერთად, საკურორტო ქალაქის სტატუსიც შეიძინოს. ზუგდიდსა და სენაკში, ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, მიმდინარეობს თეატრების სრული რეაბილიტაცია. რეგიონში გრძელდება ძალიან მნიშვნელოვანი არქეოლოგიური და სარეაბილიტაციო პროექტები. ესენი გახლავთ: მასშტაბური პროექტი ნოქალაქევის კომპლექსში, ნიკო დადიანის სასახლის რეაბილიტაცია ზუგდიდში, ზემო სვანეთში კოშკებისა და მაჩუბების რეაბილიტაცია, სოფელ ჩაჟაშის რეაბილიტაცია”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ყველა ეს პროექტი ახალ სიცოცხლეს შესძენს რეგიონს და გააუმჯობესებს ჩვენი ხალხის ცხოვრების დონეს.