გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ დავადასტურეთ, რომ ალიანსის ღირებული და საიმედო პარტნიორი ვართ
ნატო-ში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია და გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ურყევ ნებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი საქართველოში წელს პირველად ტარდება და უკვე მნიშვნელოვან ტრადიციად ჩამოყალიბდა.
„2018 წელი ჩვენ გამოვაცხადეთ საყოველთაო ჩართულობისა და დიალოგის წლად. ჩვენი მიზანი გახლავთ, თითოეული მოქალაქე აქტიურად მონაწილეობდეს ქვეყნის განვითარების საქმეში, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკურ პროცესებში. წლევანდელი ფორუმის კონცეფცია გახლავთ „360 გრადუსით კომუნიკაცია“, რაც მთლიანად მიესადაგება როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე ნატო-ს ხედვას, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად მიეწოდოს ფაქტებზე დაფუძნებული, სწორი ინფორმაცია, თუ რატომ არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია ასე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისათვის და მისი მომავლისთვის. მოგეხსენებათ, რომ ნატო-ში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ და გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ურყევ ნებას. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაშიც კი იქნა შეტანილი. განსაკუთრებულად აღვნიშნო, რომ როგორც პრაქტიკული თანამშრომლობის, ისე პოლიტიკური დიალოგის თვალსაზრისით, ასეთი დინამიური და დატვირთული ჩვენი ურთიერთობები ალიანსთან, როგორც ბოლო წლებში იყო და განსაკუთრებით – გასულ წელს, არასოდეს ყოფილა. ჩვენ დავადასტურეთ, რომ ალიანსის ღირებული და საიმედო პარტნიორი ვართ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს ალიანსთან თანამშრომლობის ფორმატები, რომლებსაც აქტიურად იყენებს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ალიანსის წევრები აღიარებენ, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტი ალიანსის წევრობისთვის მოსამზადებლად და ამ ინსტრუმენტებით ეფექტურად სარგებლობს.
„ნატო-ს მხრიდან მკაფიოდ არის აღიარებული ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიული რეფორმების, შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაციის კუთხით და ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.