გიორგი კვირიკაშვილი ჭიაბერაშვილს - ნუ ეტყვით თქვენს ტელევიზიებს, რომ იმედი მოუკლან ადამიანებს
დიდი ბოდიში, მაგრამ როგორ არ გაგახსენოთ, თქვენს დროს, რამდენი ტელევიზია იყო და რას გადასცემდნენ ისინი მოსახლეობას, რომ ყვავდება ქვეყანა. სინამდვილეში რა ხდებოდა, მოგვიანებით გაიგო ხალხმა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილსი შეკითხვის საპასუხოდ, პარლამენტში განაცხადა.
ჭიაბერაშვილმა პრემიერს შეკითხვის დასმისას უთხრა, რომ ქვეყნიდან ხალხი მიდის, რადგან „ამ მთავრობის ხელში“ მეტი გზა აღარ დარჩა.
„რაც შეეხება, თქვენს ნათქვამს, „ხალხმა გადაწვიტა, რომ არაფერი გვეშველება და უნდა წავიდეთო“, ნუ ეტყვით თქვენს ტელევიზიებს, რომ იმედი მოუკლან ადამიანებს, რათა ადამიანებმა არ იგრძნონ თავი უპერსპექტივოდ. თქვენს დროს, დიდი ბოდიში, მაგრამ როგორ არ გაგახსენოთ, რამდენი ტელევიზია იყო და რას გადასცემდნენ ისინი მოსახლეობას, როგორ ყვავდება ქვეყანა და როგორ ყველაფერი კარგად არის. სინამდვილეში რა ხდებოდა – რა თქმა უნდა, მოგვიანებით გაიგო ხალხმა. ნუ მისცემთ დავალებას თქვენს ტელევიზიებს, რომ უკანასკნელი იმედი მოუკლან ადამიანებს. ძალიან დიდი როლი აქვს მედიას ადამიანების ოპტიმიზმში, ის რაც დღეს ხდება, ფონი რომელიც შექმნილია, ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანის ოპტიმიზმის მაჩვენებელში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება ერთწლიან პრემიერ-მინისტრობას, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ „საპარლამენტო უმრავლესობის და პარლამენტის გადასაწყვეტია მთლიანად, როგორ აფასებენ მინისტრთა კაბინეტის გაწეულ საქმიანობასაც და სამომავლო გეგმებსაც“.
რეპლიკის სახით, დავით ბაქრაძემ გიორგი კვირიკაშვილს მიმართა,- „ჩვენ ტელევიზიები არ გვყავს და დავალებებს არ ვაძლევთ“.